სერგი კაპანაძე - თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიების შეწყვეტა ხელისუფლების მხრიდან ცინიკური ნაბიჯია
პარლამენტის ვიცე-სპიკერი სერგი კაპანაძე მიიჩნევს, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიების შეწყვეტა ხელისუფლების მხრიდან ცინიკური ნაბიჯია, რადგან საქმეზე არც ერთ კითხვას პასუხი არ გასცემია.
ჟურნალისტებთან საუბარში სერგი კაპანაძე გენერალური პროკურატურის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ ის შედეგი დააყენა, რომელიც თავიდანვე იცოდა, რომ დადგებოდა.
„შესაბამისად, გამოვიდა, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელი დამნაშავე არ არის. ყველა კითხვა, რომელიც აქამდე არსებობდა, მათ შორის, რა ვითარებაში მოხდა მისი მოკვლა, ისევ პასუხგაუცემელია. ნათელია, რომ ხელისუფლებამ ეს საქმე ჩაფარცხა, რაც იმაშიც კარგად გამოჩნდა, რომ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნაზე უარი თქვეს. ჩვენ კიდევ ერთი მშობელი გვყავს, რომელსაც შვილი მოუკლეს და ამაზე პასუხი გაცემული არ არის“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.
თბილისის პროკურატურაში დღეს ბრიფინგი გაიმართა, სადაც პროკურორმა განაცხადა, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე გამოძიება შეწყდა.