სერგი კაპანაძე სუს-ის ხელმძღვანელთან დახურულ ფორმატში შეხვედრას ითხოვს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური პარლამენტში უნდა მოვიდეს, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგი კაპანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით „ევროპულ საქართველოს“ კითხვები აქვს, რომელიც პარლამენტში სუს-მა უნდა უპასუხოს.
„თვალი ვადევნეთ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის ძალიან მნიშვნელოვან მოვლენას, ანტიტერორისტულ სპეცოპერაციას, რომელსაც დანაშაულებრუვი ჯგუფის დაკავება და აღკვეთა მოჰყვა. მათ შორის, ერთი სპეცრაზმელი ტრაგიკულად დაიღუპა. ამ დღეების განმავლობაში, სანამ სპეცოპერაციის ცხელი ფაზა მიმდინარეობდა, თავი მაქსიმალურად შევიკავეთ კითხვების დასმისგან. ქვეყნის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად არ ჩავთვალეთ, რომ მწვავე კითხვები დაგვესვა. თუმცა ამ ცხელმა ფაზამ უკვე ჩაიარა და მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველაფერი რამდენიმე დღის წინ ხდებოდა, კითხვები, რომელიც დაგროვდა, საზოგადოებას პასუხი ჰერ კიდევ არ აქვს.
მიგვაჩნია, რომ ამ კითხვებს პასუხი ძალიან მალე, უმოკლეს ვადებში ხელისუფლების მხრიდან უნდა გაეცეს. პირველ რიგში, ეს კითხვა უკავშირდება იმას, ერთ-ერთი ლიკვიდირებული ადამიანი ჩატაევი იყო თუ არა. ადამიანი, რომელიც ეჭვმიტანილი და ბრალდებულია შარშან სტამბოლში ტერაქტის მოწყობაში, რომელსაც რამდენიმე ათეული ადამიანის დაღუპვა და 200-ზე მეტი ადამიანის დაშავება მოჰყვა. ჩვენ გვაინტერესებს, აჰმედ ჩატაევი ლიკვიდირებული მართლა იყო თუ არა და საქართველოში როგორ მოხვდა, ამ დაჯგუფებას რა მიზნები და რა ამოცანები ჰქონდა, ისინი ტერორისტული აქტისა თუ რაიმე სხვა ტიპის დივერსიული აქტის მოწყობას აპირებდნენ, ქვეყნის ტერიტორიაზე იარაღი როგორ შემოტანეს. ამ კითხვებზე ველოდებით, რომ პასუხები საჯარო იქნება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი პარლამენტში დახურულ ფორმატში კომიტეტის შეხვედრაზე მოვიდეს. იქნება ეს ნდობის ჯგუფი თუ სხვა ტიპის დახურული ფორმატი და ამ და სხვა სახის ოპერატიულ შეკითხვებს პასუხი გაეცეს. სუს-ი პარლამენტში უნდა მოვიდეს. ეს არის ლეგიტიმური და სწორის პასუხი, რომელიც დღეს საზოგადოებაში დაგროვდა“, – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, სერგი კაპანაძემ.