სერგი კაპანაძე - ხელისუფლებამ ჩაბუქისა და მუხთარლის უფლებების ხარჯზე გადაწყვიტა მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობის შენარჩუნება
ზოგადად, როგორც ჩაბუქის, ისე მუხთარლის საქმეებმა აჩვენა, როგორ უდიერად ეპყრობა სახელმწიფო, „ქართული ოცნება“, საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ უცხოელებს, რომელთაც საქართველოში საქმიანობის, გამოცდილებისა და მუშაობის ძალიან კარგი, დიდი სტაჟი და ღვაწლი გააჩნიათ, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგი კაპანაძემ დემირელის კოლეჯის მენეჯერის მუსტაფა ემრე ჩაბუქის შესახებ თემის კომენტირებისას განაცხადა.
„ეს ორივე ქეისი არის ამის ძალიან კარგი დადასტურება. სამწუხაროა, რომ საქართველოს ხელისუფლებას ამ ადამიანების უფლებების შელახვის ხარჯზე გადაუწყვეტია, რომ ურთიერთობები შეინარჩუნოს მეზობელ ქვეყნებთან, რომლებიც ჩვენი სტრატეგიული პარნტიორები არიან“, – განაცხადა კაპანაძემ.
შეგახსენებთ, რომ დემირელის კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერი 2017 წლის 24 მაისს საქართველოში თურქეთის მოთხოვნით დააკავეს. მას ბრალად იმ ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა ედება, რომელიც, თურქეთის ხელისუფლების აზრით, ფეთჰულა გიულენთანაა კავშირი. გიულენს კი ერდოღანი თურქეთში გადატრიალების მოწყობაში ადანაშაულებს. უსტაფა ემრე ჩაბუქი ამ დრომდე წინასაექსტრადიციო პატიმრობაში იმყოფება.
ჟურნალისტი აფგან მუხთარლი 2017 წლის 29 მაისს თბილისიდან გაუჩინარდა. მეორე დღეს მან ადვოკატს განუცხადა, რომ ის, ძალის გამოყენებით, აზერბაიჯანში გადაიყვანეს. აზერბაიჯანის სასამართლომ აფგან მუხტარლის ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მუხთარლი წაყენებულ ბრალს – საზღვრის უკანონო კვეთის, კონტრაბანდისა და მესაზღვრეებისთვის წინააღმდეგობის გაწევის შესახებ, არ აღიარებს.