სერგი კაპანაძე - საგამოძიებო კომისია მიმდინარე კვირაშივე იწყებს მუშაობას და იმ ადამიანების დაბარებას, ვინც საქმისთვის მნიშვნელოვანია
თბილისში, ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისია მუშაობას მიმდინარე კვირაშივე დაიწყებს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს კომისიის თავმჯდომარემ, „ევროპული საქართველოს“ წევრმა, დეპუტატმა სერგი კაპანაძემ განაცხადა.
მისი თქმით, უპირველეს ყოვლისა, ტექნიკურ საკითხებზე შეთანხმება უნდა მოხდეს.
„პირველ რიგში, უნდა შევთანხმდეთ ტექნიკურ საკითხებზე, მათ შორის სხვადასხვა მექანიზმზე – ვის ვიბარებთ, როგორ ვიბარებთ. ეს ყველაფერი გადაწყდება დღეს და ხვალ. კომისია ამ კვირაშივე იწყებს მუშაობას და ამ კვირაშივე დავიწყებთ დაბარებას იმ ადამიანების, ვინც მიგვაჩნია რომ მნიშვნელოვანია საქმისთვის“, – განაცხადა კაპანაძემ.
მისი თქმით, კომისიის უფლებამოსილება უკვე ძალაში შევიდა. შესაბამისად, გაიგზავნება წერილები მასალების გამოთხოვის მიზნით, მასალების ნაწილს კი, ადგილზე გაეცნობიან.
ამასთან, კაპანაძემ პროკურატურას და შინაგან საქმეთა სამინისტროს კომისიასთან თანამშრომლობისკენ მოუწოდა.
„მინდა მივმართო ხელისუფლებას, კონკრეტულად, პროკურატურას და შსს-ს, ამ კომისიასთან იმუშაონ და ჩვენს მიერ მოთხოვნილ მასალებს მოეკიდონ სერიოზულად, ვადების გახანგრძლივების და გაწელვის გარეშე. საზოგადოებრივი დაკვეთაა, რომ ამ კომისიას მუშაობის მოკლე ვადა ჰქონდეს“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.
პარლამენტში ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნა. კანონმდებლებმა შესაბამის დადგენილებას და კომისიის შემადგენლობას კენჭი დღევანდელ პლენარულ სხდომაზე უყარეს. კომისიის შექმნას მხარი 95 დეპუტატმა დაუჭირა, ერთი წინააღმდეგი იყო. პარლამენტის გადაწყვეტილებით, კომისია 17 წევრისგან შედგება, სადაც ცხრა წარმომადგენელი „ევროპული საქართველოდანაა“, ექვსი – „ქართული ოცნებიდან“, ერთი – „პატრიოტთა ალიანსიდან“. ასევე, კომისიაში წარმოდგენილი იქნება დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი, „ნაციონალურმა მოძრაობამ” კი, კომისიაში გაწევრიანებაზე უარი თქვა.