სერგი კაპანაძე - საერთაშორისო დამკვირვებლების არც ერთ განცხადებაში არ ყოფილა, რომ არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იყო
საერთაშორისო დამკვირვებლების არც ერთ განცხადებაში არ ყოფილა, რომ არჩევნები იყო თავისუფალი და სამართლიანი, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, სერგი კაპანაძემ ეუთო-ს წარმომადგენლებთან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.
მისი თქმით, შეხვედრაზე არჩევნების დარღვევებით ჩატარებასთან დაკავშირებით, კონკრეტულ მაგალითებს წარადგენს.
„შეხვედრა გვაქვს ეუთო-ს დამკვირვებლებთან, სადაც ვისაუბრებთ იმ მდგომარეობაზე, რომელიც შექმნა ივანიშვილმა არჩევნების ფუნდამენტური გაყალბების და საზოგადოების ნების ფუნდამენტური გამრუდების გამო. მე აქ მაქვს მოტანილი ბევრი მაგალითი, რომელზეც მექნება საუბარი. აქ მაქვს კონკრეტული მაგალითები, თუ როგორ ხდებოდა დათვლის დროს გაყალბება, აქ არის მაგალითები, როგორ არის უფრო მეტი ბიულეტენი ჩაყრილი ურნაში, ვიდრე საერთო ჯამში იყო ხელმოწერების რაოდენობა. ბუნებრივია, ამაზე გუშინ და დღეს ვწერთ საჩივრებსაც, მაგრამ ერთი მიმართულება, რაც გამოიკვეთა, ეს არის მასშტაბური ხასიათის, მე ვეძახი, ბიძინას კარუსელი. როდესაც ადამიანი შედის უბანზე, იქიდან გამოაქვს ცარიელი ბიულეტენი, აგდებს ცარიელ კონვერტს, მიდის „ქართული ოცნების“ შტაბში, ამ ბიულეტენს კი აძლევენ შემდეგ ადამიანს, სანაცვლოდ აძლევენ ფულს, ეს ადამიანი შედის, ტოვებს ამ ბიულეტენს, ასევე გამოაქვს შემდეგი ბიულეტენი და აკეთებს ე.წ ბიძინას კარუსელს“, – განაცხადა კაპანაძემ.
კაპანაძის თქმით, ოპოზიციის არც ერთი წარმომადგენელი პარლამენტში არ უნდა შევიდეს.
„საერთაშორისო დამკვირვებლების არც ერთ განცხადებაში არ ყოფილა, რომ არჩევნები იყო თავისუფალი და სამართლიანი. მისიების განცხადებებში არ ყოფილა, რომ არჩევნები იყო სამართლიანი. იქვე არის დათქმები, თუ რა იყო პრობლემა – დაშინება, ძალადობა, მოსყიდვა. შეფასება, რომ ეს იყო სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები, არავის გაუკეთებია. ყველას აქვს უფლება თავის შეფასება ჰქონდეს. ვისაც უნდა მონაწილეობა მიიღოს ბიძინას კარუსელებით დაკომპლექტებულ პარლამენტში, მათი ნებაა. მე ვარ დარწმუნებული და დიდი იმედი მაქვს, ოპოზიციური პარტიები ივანიშვილს ამ თამაშში არ აჰყვებიან“, – განაცხადა კაპანაძემ.