სერგი კაპანაძე - რამდენიმე საარჩევნო უბანზე ამომრჩეველს დაზიანებული ბიულეტენი გადასცეს, რომელზეც არ იყო პარტიის რიგითი ნომერი
სერგი კაპანაძე - რამდენიმე საარჩევნო უბანზე ამომრჩეველს დაზიანებული ბიულეტენი გადასცეს, რომელზეც არ იყო პარტიის რიგითი ნომერი

„ევროპული საქართველოს“ წევრის, სერგი კაპანაძის ინფორმაციით, რამდენიმე საარჩევნო უბანზე ამომრჩეველს ისეთი დაზიანებული ბიულეტენი გადასცეს, სადაც პარტიის რიგითი ნომერი არ იყო.

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე კაპანაძემ განაცხადა, ასეთი ფაქტი დაფიქსირდა გურჯაანის 31-ე და მარნეულის 47-ე საარჩევნო უბნებზე.

„როგორც ჩანს, დილიდან მაღალი აქტივობაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი მოქალაქეები მიდიან საარჩევნო უბნებზე და საკუთარ არჩევანს აფიქსირებენ. იმედი მაქვს, მაღალი აქტივობა შენარჩუნდება. რაც უფრო მეტი ადამიანი მივა, მით უფრო ნაკლები შანსი ექნება ბიძინა ივანიშვილს, ხელისუფლება შეინარჩუნოს. მისი ოპოზიციაში გადასვლა გარანტირებული იქნება, თუმცა დილიდან უკვე ჩანს სერიოზული დარღვევები. ორი მასშტაბური პრობლემა გამოიკვეთა. პირველია – საარჩევნო ხმის ფარულობის დარღვევა. რამდენიმე შემთხვევა გვაქვს, როცა „ქართული ოცნების“ კომისიის წევრები ან მათი დამკვირვებლები ისე დგანან უბნებზე ურნასთან, რომ დაინახონ, როგორ არის შემოხაზული ესა თუ ის ბიულეტენი. ჩვენი წარმომადგენლები ყველა ასეთ შემთხვევაზე საჩივარს წერენ და მათ მიუთითებენ, რომ ამ ურნას გაეცალონ.

„ქართულ ოცნებას“ მოვუწოდებთ, რომ ასეთი პრაქტიკა აღკვეთოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, სერიოზული პრობლემა ექნება ამ არჩევნების ლეგიტიმაციას. ძალიან სერიოზული პრობლემა დაფიქსირდა დილიდან რამდენიმე ოლქსა და უბანში. კონკრეტულად, ეს არის ვაკის 54-ე უბანი და გურჯაანის 31-ე უბანი. „ქართული ოცნების“ კომისიის წევრები, როცა ბიულეტენს აძლევენ ამომრჩეველს, ბიულეტენს ისე ახევენ, რომ 2 ნომერი მასზე არის ამოხეული, მოჭრილი. ანუ, პრაქტიკულად, ამომრჩეველს ბიულეტენს აძლევენ ორი ნომრის გარეშე. ეს არ არის ცალკეული შემთხვევა, რომელიც რამდენიმე უბანზეა დაფიქსირებული. ამომრჩეველს საშუალებას უკარგავენ, რომ 2 ნომერი შემოხაზოს, რადგან არ არის. გურჯაანის 31-ე უბნის ვიდეო გვაქვს, სადაც ჩანს, რა რაოდენობის ბიულეტენებია გაცემული, სადაც 2 ნომერი ფიზიკურად არ არის. ჩვენმა წარმომადგენელმა ეს დარღვევა დააფიქსირა, მოითხოვა რეგისტრატორი შეცვლილიყო და ის უბნიდან გააძევეს. ცესკო-ს მივმართავთ, ჩვენი წარმომადგენელი უბანზე აღადგინოს და დაკვირვების გაგრძელების უფლება მისცეს, შემდეგ კი ეს რეგისტრატორი მოხსნას კომისიიდან. როგორც ჩანს, ეს დავალება აქვს, რადგან არ შეიძლება, ეს შემთხვევითი იყოს. ამომრჩეველს მივმართავ, თუ ისეთ ბიულეტენს მისცემენ, სადაც 2 ნომერი არ არის, ყურადღება მიაქციოს. ამ არჩევნებზე ქვეყნის ბედი წყდება, ვისაც ივანიშვილის ჭაობში ყოფნა მობეზრდა, დღეს არის იმის შანსი, როცა ვწყვეტთ, როგორი მიმართულებით წავა ქვეყანა”, – განაცხადა კაპანაძემ.