სერგი კაპანაძე - მნიშვნელოვანი ეროვნული ინტერესი ამ ეტაპზე არის ის, რომ არ მოხდეს გაყალბებული არჩევნების ლეგიტიმურად აღიარება
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, სერგი კაპანაძე ელჩების განცხადებებს ეხმაურება. კაპანაძის თქმით, საქართველოს ძალიან მნიშვნელოვანი ეროვნული ინტერესი ამ ეტაპზე არის ის, რომ „არ მოხდეს გაყალბებული არჩევნების ლეგიტიმურად ცნობა“.
კაპანაძის შეფასებით, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც უახლოეს მომავალში განსაზღვრავს ქვეყნის ტრაექტორიასა და მიმართულებას.
„ჩვენ უდავოდ ვიზიარებთ იმას, რომ ყველა პოლიტიკური ძალა უნდა მოქმედებდეს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, რადგან ჩვენ მიგვაჩნია, რომ ქვეყნის ძალიან მნიშვნელოვანი ეროვნული ინტერესი ამ ეტაპზე არის ის, რომ არ მოხდეს გაყალბებული არჩევნების ლეგიტიმურად აღიარება. მიგვაჩნია, რომ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც უახლოეს მომავალში განსაზღვრავს ქვეყნის ტრაექტორიასა და მიმართულებას. ამიტომ, ამაზე პასუხისმგებლობა გვაქვს ჩვენ, ოპოზიციურ ძალებს. შესაბამისად, „ქართული ოცნება“ რომ ხელმძღვანელობდეს ეროვნულ ინტერესებით, მაშინ წამოვიდოდა მოლაპარაკებაზე, რომლის ფუნდამენტური ნაწილი იქნებოდა ახალი არჩვენები, საარჩევნო სისტემის რეფორმა და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება“, – აღნიშნა კაპანაძემ.
საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, პარტიების ლიდერები თუ პირველ ადგილზე დააყენებენ საქართველოს ინტერესებს, მოუსმენენ ამომრჩეველს, ეს წაახალისებს გამოსავლის პოვნას, პარლამენტში მუშაობის დაწყებას.
ამასთან, საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის თქმით, მნიშვნელოვანია, ჩიხში შესული პოზიციების შემდეგ, ყველა დაფიქრდეს, რამდენად სასარგებლო იქნება ამჟამად არსებული დიალოგის ფორმატი. კარლ ჰარცელმა დღესვე, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ოპოზიციისთვის მანდატების შენარჩუნება პარლამენტის მხრიდან სწორი ნაბიჯი იყო. მისი თქმით, პარლამენტის გუშინდელი გადაწყვეტილება დიალოგის გაგრძელების წინაპირობაა.