სერგი კაპანაძე „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე პარლამენტისგან რეაგირებას ითხოვს
„ევროპული საქართველოს“ ლიდერი სერგი კაპანაძე „ომეგა ჯგუფის“ საქმესთან დაკავშირებით პარლამენტისგან რეაგირებას ითხოვს.
ამის შესახებ კაპანაძემ პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
დეპუტატი სხდომაზე ზაზა ოქუაშვილის გუშინდელ განცხადებებს გამოეხმაურა.
„მე მაქვს ერთი საკითხი, რომელიც ეხება ზაზა ოქუაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებს. დარწმუნებული ვარ, ყველა თქვენგანმა პირდაპირ ეთერში მოისმინა. მაღალი დონის კორუფციის შესახებ ბრალდებებს და მათ შორის ჩანაწერებს, რომლებშიც პირდაპირ თქვენი პარტიის ხელმძღვანელობა არის გარეული და როგორც აღმოჩნდა, პირდაპირ სძალავდა ფულს ბიზნესმენებს და მერე ამას პარტიის ყულაბაში გადაისროდა.
მაქვს ასეთი ნახევრად რიტორიკული კითხვა. ნორმალურ საზოგადოებაში როდესაც ასეთი ინფორმაცია ვრცელდება, პარლამენტმა რამე უნდა გააკეთოს?! ან მოსმენა ჩაატაროს, შს მინისტრი დაიბაროს, რომელიც თურმე იქ იყო. მაშინ, როდესაც ეს ხდებოდა – ან მთავარი პროკურორი დაიბაროს, დაინტერესდეს, გამოძიება თუ არის დაწყებული. თუ ეს პარლამენტი მარტო იმ შემთხვევაში რეაგირებს, როდესაც „ქართულ ოცნებას“ არ ეხება არაფერი და სხვა რაღაცებს ეხება. ეს არის სტანდარტი? მესმის, რომ აქ მნიშვნელოვან საკითხებს განვიხილავთ, რაღაც გეოდეზია, კარტოგრაფია, მაგრამ ასეთი რამე რომ ხდება ქვეყანაში, რამე რეაგირება არ უნდა იყოს?“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.