სერგი კაპანაძე - მზად ვართ, ვიმუშაოთ სამუშაო ფორმატში, მაგრამ „ქართული ოცნების“ პიარღონისძიებაში მონაწილეობას არ ვაპირებთ
სერგი კაპანაძე - მზად ვართ, ვიმუშაოთ სამუშაო ფორმატში, მაგრამ „ქართული ოცნების“ პიარღონისძიებაში მონაწილეობას არ ვაპირებთ

„ევროპული საქართველო“ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით მმართველი გუნდის მიერ მომზადებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს დაუჭერს.

როგორც ჟურნალისტებს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, სერგი კაპანაძემ განუცხადა, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა დიდი მონაპოვარია, რომელიც საზოგადოებამ ბიძინა ივანიშვილსა და „ქართულ ოცნებას“ ხელიდან გამოგლიჯა.

„შემოთავაზება, რაც „ქართულმა ოცნებამ“ გააკეთა, შეიძლება გაუმჯობესებული იყოს. მათ შორის იმ თვალსაზრისით, რომ დაშვებული იყოს საარჩევნო ბლოკების შექმნა და საარჩევნო ბარიერი იყოს არა ნული პროცენტი, არამედ უფრო მაღალი. სამუშაო პროცესში ამის გაუმჯობესებას შევეცდებით, მაგრამ თუ „ქართული ოცნება“ ვაჭრობას დაიწყებს და იტყვის, რომ გაუმჯობესება შეუძლებელია, მათ შემოთავაზებას დავეთანხმებით. ნებისმიერ შემთხვევაში პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას „ევროპული საქართველის“ ხმები ექნება. რაც შეეხება დღევანდელ პრეზენტაციას, ეს იყო „ქართული ოცნების“ პიარსვლა, როცა გადაწყვიტეს, რომ ყველა დაეპატიჟებინათ და მათთვის წარმოდგენა მოეხდინათ ერთი მუხლის, რაც პარლამენტში დაარეგისტრირეს. მზად ვართ, ვიმუშაოთ სამუშაო ფორმატში, მაგრამ „ქართული ოცნების“ პიარღონისძიებაში მონაწილეობას არ ვაპირებთ. სხვა პარტიების გადასაწყვეტია, „ქართული ოცნების“ პაირსტრატეგიას რამდენად ეთანხმებიან და მასში მონაწილეობენ თუ არა. ბლოკების დაშვება სწორია, რადგან ხელს უწყობს პარტიებს შორის თანამშრომლობას ისევე, როგორც ცოტა მაღალი ბარიერის არსებობაც სწორია. თუმცა, ეს არ არის პრინციპული საკითხები, რადგან მთავარია, პროპორციულ სისტემაზე გადასვლა“, – განაცხადა კაპანაძემ.