სერგი კაპანაძე - მთავრობას პარლამენტისთვის ე.წ. ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია ამ დრომდე არ წარუდგენია
საქართველოს მთავრობას საკანონმდებლო ორგანოსთვის ე.წ. ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია ამ დრომდე არ წარუდგენია.
პარლამენტმა აღმასრულებელ ხელისუფლებას „ოთხოზორია-ტატუნაშვილის“ სიის წარდგენა 15 ივნისამდე დაავალა, რაც რეზოლუციით განისაზღვრა.
როგორც პირველ არხს რეზოლუციის ერთ-ერთმა ავტორმა, ვიცე-სპიკერმა სერგი კაპანაძემ განუცხადა, სამწუხაროდ, პარლამენტში სია წარდგენილი არ არის.
„დღეს 15 ივნისია, მაგრამ სია წარმოდგენილი არ არის. არ მგონია, რომ მთავრობა 15 ივნისს უნდა დალოდებოდა და სიის წარმოდგენას ამდენი ხანი დასჭირვებოდა. ამის გაკეთება უფრო მოკლე ვადაშიც შეიძლებოდა. სამწუხაროდ, მთავრობამ მსგავსი დამოკიდებულება არაერთხელ აჩვენა ოთხოზორიასა და ტატუნაშვილის შემთხვევაზე, მათ შორის როცა საქმე გადმოსვენებისა და ექსპერტიზის საკითხებს ეხებოდა”, – აღნიშნა კაპანაძემ.
დეპუტატი იმედოვნებს, რომ მთავრობის მხრიდან სია მაინც იქნება წარდგენილი.
„ეს დაგვიანებით მოხდება, მაგრამ სიის კონკრეტული განხილვა მაინც იქნება. თუ ვადა დაირღვა, ცუდია და ეს მათი პასუხისმგებლობის საკითხია, მაგრამ მთავრობა გადამდგარია და სიის წარდგენა ახალ მთავრობას მოუწევს”, – განაცხადა კაპანაძემ.
დღეს მოხდება თუ არა სიის წარდგენა პარლამენტში, ამას უმრავლესობის წევრი ანრი ოხანაშვილი ვერ აკონკრეტებს.
პირველ არხთან საუბარში ოხანაშვილი ამბობს, რომ აღნიშნულ საკითხზე კონსულტაცია არ ჰქონია. “ჩვენთვის ეს საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია და სიის წარდგენა კანონის სრული დაცვით მოხდება”,- დასძინა ოხანაშვილმა.
საქართველოს პარლამენტმა არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებით რეზოლუციის პროექტი 106 ხმით 16 მარტს დაამტკიცა.
“ქართული ოცნებისა“ და „ევროპული საქართველოს“ მიერ ერთობლივად მომზადებული დოკუმენტით, საქართველოს მთავრობამ პარლამენტს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეთა მკვლელობაში, გატაცებაში, წამებაში, არაჰუმანურ მოპყრობასა და ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებაში, ასევე ამ დანაშაულთა დაფარვაში ბრალდებულ და მსჯავრდებულ პირთა სია – „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“ 2018 წლის 15 ივნისამდე უნდა წარუდგინოს.
რეზოლუციაში ასევე ნათქვამია, რომ საქართველოს მთავრობამ უნდა მიიღოს ზომები საერთაშორისო ორგანიზაციებისა და პარტნიორი ქვეყნების მიერ „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში“ დასახელებულ პირთა მიმართ ყველა შესაძლო შეზღუდვის, მათ შორის სავიზო, ქონებრივი და ფინანსური ტრანზაქციების განხორციელებასთან დაკავშირებული შეზღუდვების დასაწესებლად და სამართლის აღსრულების ხელშესაწყობად.