სერგი კაპანაძე მიიჩნევს, რომ გრიგოლ ვაშაძის პირველი განცხადება საერთო საქმეს არ ეხმარებოდა და მას არ იზიარებს
„ევროპული საქართველოს“ წევრის, სერგი კაპანაძის განცხადებით, იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში საერთო ოპოზიციური ბრძოლა მიმდინარეობს, პოლიტიკოსის მხრიდან განცხადებები, რომლებიც პარტიასთან შეთანხმებული არ არის, დამაზიანებელია.
მისივე თქმით, გრიგოლ ვაშაძის პირველი განცხადება საერთო საქმეს არ ეხმარებოდა და ამ განცხადების პათოსს არ იზიარებს.
„ზოგადად, მიმაჩნია, განცხადებები, რომლებიც არ არის შეთანხმებული პარტიასთან, როდესაც საერთო ოპოზიციური ბრძოლაა გაყალბებული არჩევნების შედეგების წინააღმდეგ, არის ხოლმე დამაზიანებელი. აქედან გამომდინარე, გუშინ რაც ვთქვით, დღესაც გავიმეორებთ, რომ ეს პირველი განცხადება არ ეხმარებოდა საერთო საქმეს, მაგრამ, როდესაც მეკითხებით, ვიზიარებ თუ არა პირველი განცხადების პათოსს, გეუბნებით, -არა, ვიზიარებ მეორე განცხადებისას, ახსნა-განმარტება რაც იყო შემდეგ, იმ პოზიციას, რომელიც არის საერთო პოზიცია ოპოზიციური პარტიის“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.
ამასთან, ჟურნალისტის კითხვაზე: „არის თუ არა გრიგოლ ვაშაძის მიმართვა ნიშანი, რომ ზოგ პოლიტიკურ ლიდერს „ნაციონალური მოძრაობიდან“ პარლამენტში უნდა შესვლა“, კაპანაძემ განაცხადა, რომ მისი ინფორმაციით, პარლამენტში არშესვლასთან დაკავშირებით „ნაციონალურ მოძრაობაში“ სრული მზადყოფნაა.
კაპანაძე ასევე ამბობს, რომ მშვიდობიან მანიფესტაციებს გააგრძელებენ.
„შესაძლოა, იყვნენ ეგეთი ადამიანები, მაგრამ როგორც მე ვიცი პარტიის გაცხადებული პოზიცია, მათ შორის სხვადასხვა ლიდერების გაცხადებული პოზიცია, რომელიც რაღაც ეტაპზე შესაძლოა, არ ყოფილიყო თანმიმდევრული, მაგრამ ბოლოს დაფიქსირებული პოზიციები რაც ვიცი ,,ნაციონალური მოძრაობიდან“, არის სრული მზადყოფნა, რომ პარლამენტში არ შევიდნენ. ოპოზიციური პარტიები შეთანხმებულები ვართ, რომ ეს გაყალბებული არჩევნები არ შედგეს და ამის შედეგად არ დაკომპლექტდეს პარლამენტი, რომელსაც ლეგიტიმურობა არ გააჩნია. ჩვენ გავაგრძელებთ მშვიდობიან მანიფესტაციებს. ბუნებრივია, პროტესტი გაგრძელდება და ამ პროტესტის მინიმალური შედეგი იქნება ის, რომ ივანიშვილს ექნება ერთპარტიული ჩრდილოკორეული პარლამენტი“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.
შეგახსენებთ, გრიგოლ ვაშაძემ გაავრცელა განცხადება, სადაც პარტიებს მოუწოდა, პროცესი მოლაპარაკების მაგიდასთან გადაიტანონ და ყველა ძალას მოუხმონ სახელმწიფოს ღრმა კრიზისიდან გამოსაყვანად. ვაშაძემ პარტიებს მიმართა, ჩაანაცვლონ ქუჩა ყველა დონის საკანონმდებლო ორგანოების ტრიბუნით. მოგვიანებით, გრიგოლ ვაშაძემ საკუთარ განცხადებასთან დაკავშირებით განმარტება გაავრცელა.