სერგი კაპანაძე - კომისიიდან ექსპერტების ზაზა ჭაიასა და ირაკლი ქადაგიძის გაწვევა არავითარ შემთხვევაში არ მოხდება
ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის, სერგი კაპანაძის განცხადებით, კომისიიდან ექსპერტების – ზაზა ჭაიასა და ირაკლი ქადაგიძის გაწვევა არ იგეგმება.
პირველ არხთან საუბარში სერგი კაპანაძე უმრავლესობის წევრის, ანრი ოხანაშვილის მოთხოვნას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ კომისიაში ექსპერტები მიწვეული არიან მათი გამოცდილებიდან გამომდინარე და არა სხვა ნიშნით.
„მათი გაწვევა არავითარ შემთხვევაში არ მოხდება. კომისიის წევრებს ვურჩევდი, კომისიის საქმიანობის დისკრედიტებას თავი დაანებონ. ეს არავის ინტერესებში არ არის. ამით პოლიტიკურ ქულებს ვერ დაიწერენ და ვერაფერს მოიგებენ“, – განაცხადა კაპანაძემ.
დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის მოადგილის, დეპუტატ ანრი ოხანაშვილის განცხადებით, „ევროპულმა საქართველომ“ კომისიაში ექსპერტებად ზაზა ჭაია და ირაკლი ქადაგიძე წარადგინა, რომელთა ჩართულობით კომისიის ობიექტურ მუშაობას საფრთხე ექმნება.