ანრი ოხანაშვილი - დროებით საგამოძიებო კომისიაში ექსპერტებად მოწვეულ ზაზა ჭაიასა და ირაკლი ქადაგიძის მიმართ საზოგადოებაში კითხვები არსებობს
ანრი ოხანაშვილი - დროებით საგამოძიებო კომისიაში ექსპერტებად მოწვეულ ზაზა ჭაიასა და ირაკლი ქადაგიძის მიმართ საზოგადოებაში კითხვები არსებობს

ხორავას ქუჩის საქმეზე შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ანრი ოხანაშვილი „ევროპულ საქართველოს“ მოუწოდებს, კომისიაში ექსპერტებად ისეთი პირები წარადგინოს, რომელთა მიმართ კრიტიკული დამოკიდებულება არ იქნება.

როგორც პირველ არხს ოხანაშვილმა განუცხადა, „ევროპულმა საქართველომ“ კომისიაში ექსპერტებად ზაზა ჭაია და ირაკლი ქადაგიძე წარადგინა, რომელთა ჩართულობით კომისიის ობიექტურ მუშაობას საფრთხე ექმნება.

დეპუტატის ცნობით, აღნიშნული პირები 2012 წლამდე სამართალდამცავ უწყებებში მაღალ თანამდებობებზე მუშაობდნენ და მათი პროფესიული საქმიანობის მიმართ კითხვები არსებობს.

„ჩვენი ამოცანა იყო, რომ კომისია გამჭვირვალე ყოფილიყო და სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ხელმძღვანელობა ოპოზიციას გადასცემოდა. ბოლო დროს განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, მოწვეული ექსპერტების ზაზა ჭაიასა და ირაკლი ქადაგიძის მიმართ კრიტიკული კითხვები გვაქვს. საზოგადოებაში მათ მიმართ აშკარა ნეგატიური დამოკიდებულება არსებობს. თუ გვინდა, რომ კომისიის საქმიანობა გამჭვირვალე და ობიექტური იყოს და საზოგადოებას კითხვები არ გაუჩნდეს, მაშინ უნდა ვეცადოთ, ეს პროცესი ისეთი ადამიანებისგან დავცალოთ, ვის მიმართაც საზოგადოებას მკვეთრად ნეგატიური დამოკიდებულება აქვს, რათა კომისიის დისკრედიტაცია არ მოხდეს. რისკები დიდია იმის, რომ ამ პირების მიმართ საზოგადოებას აქვს და ექნება მკვეთრი დამოკიდებულება“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

მისი თქმით, კითხვები აღნიშნული პირების წარსულს ეხება, ვინაიდან ისინი 2012 წლამდე სამართალდმცავ უწყებაში მუშაობდნენ. ასევე, ოხანაშვილის განცხადებით, იკვეთება მათი გარკვეული კავშირები რუსთაველის გამზირზე ჩატარებულ აქციებთანაც.

„ეს აქციები იმ ძალების მიერ იყო ორგანიზებული, რომელთაც რევანშისტული მიზნები ამოძრავებთ. ამ პარტიებთან მათი მჭიდრო კავშირი იკვეთება. ისეთი ექსპერტების ჩართულობა უნდა უზრუნველვყოთ, ვის მიმართაც საზოგადოებას ნეგატიური დამოკიდებულება არ ექნება. ჭაიასა და ქადაგიძის ჩართულობით კომისიის ობიექტურ მუშაობას, ასევე „ევროპული საქართველოს“ ობიექტურ და სამართლებრივ შეფასებებს საფრთხე ემუქრება, რადგან ეს პირები, რომელთაც საექსპერტო საქმიანობა უნდა გასწიონ, დიდი ალბათობით, ვიწრო პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე მიკერძოებული იქნებიან. ნათელია, მათი კავშირი ისეთ პარტიებთან, ვისი მიზანიც რევანში იყო.

„ევროპულ საქართველოს“ მოვუწოდებ, სიას გადახედოს და კომისიაში იმ პირების შეყვანა მოხდეს, ვის მიმართაც კითხვები არ იქნება”, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.