სერგი კაპანაძე - ხორავას ქუჩის საქმის სამ ძირითად რეკომენდაციაზე ანგარიში დადგენილების მიღებიდან 10 დღეში უნდა წარმოგვიდგინონ
„ევროპული საქართველო“ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დადგენილების პროექტს წარადგენს, რომელიც ხორავას ქუჩის საქმესთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის მიერ მიღებული რეკომენდაციების შესრულებას ეხება, – ამის შესახებ კომისიის თავმჯდომარემ, დეპუტატმა, სერგი კაპანაძემ განაცხადა.
მისი თქმით, კომისიამ რეკომენდაციები რამდენიმე თვის წინ მიიღო, რომელიც გაგზავნილია შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურაში, თუმცა შესრულებული არ არის.
„შინაგან საქმეთა მინისტრმა წინა კვირას გვითხრა, რომ ამ რეკომენდაციების შესრულებაზე პრაქტიკულად პასუხი არ აქვს. ამიტომ ახლა ჩვენი ამოცანაა, პარლამენტში დადგენილება მივიღოთ, რომელშიც სამი ყველაზე მთავარი რეკომენდაცია ცალკე იქნება გამოყოფილი და პროკურატურასა და შინაგან საქმეთა მინისტრს მოვუწოდოთ, რომ სამი კონკრეტული რეკომენდაციის შესრულებაზე პარლამენტში ანგარიში წარადგინოს და კონკრეტულ კითხვებს პასუხი გასცეს“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.
მისი თქმით, აღნიშნული რეკომენდაციებია: საქმის ფიგურანტ მ.კ.-ს მიმართ სისხლის სამართლის დევნის დაწყება; მირზა სუბელიანის ქმედებებზე გამოძიების დაწყება, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურის იმ თანამშრომლების მიმართ საგამოძიებო მოქმედებების დაწყება, რომლებიც სერგი კაპანაძის თქმით, საქმის გაყალბებაში მონაწილეობდნენ.
„დღეს იურიდიულ კომიტეტზე იქნება განხილვა და შემდეგ ეს თემა პლენარულ სხდომამდე მივა. როგორც ჩანს, ხელისუფლების მთავარი ამოცანაა, თემა დაკარგოს და რადარებიდან გააქროს, საუბარი აღარ იყოს. ამ მიზანს კიდევ რამდენიმე თვის განმავლობაში ნამდვილად ვერ მიაღწევენ და ამ თემაზე ძალიან სერიოზული დისკუსია იქნება“, – განაცხადა კაპანაძემ.
მისი თქმით, დადგენილების მიღება საპარლამენტო უმრავლესობაზე იქნება დამოკიდებული.
„თუმცა, მათ რაც მიიღეს ისიც კი არ სრულდება. უმრავლესობის ინტერესშიც უნდა იყოს, რომ პარლამენტის მიერ მიღებულ დადგენილებას მთავრობა ასრულებდეს. რაც უფრო მეტ სისულელეს იტყვიან უმრავლესობიდან და საღ აზრს შეეწინააღმდეგებიან, მით უარესი მათთვის. პარლამენტის მიერ დადგენილების მიღებიდან 10 დღის ვადას ვაძლევთ, რომ ამ სამი რეკომენდაციის შესრულებაზე პარლამენტში ანგარიში წარმოგვიდგინონ“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.