სერგი კაპანაძე - სააკაშვილი თუ ეხმარება ივანიშვილს საკუთარი პროპაგანდით, რომ ის არის მხოლოდ ალტერნატივა, მაშინ მიიღებს შესაბამის პასუხს
ჩვენი მთავარი ამოცანა ივანიშვილის დამარცხებაა, მაგრამ თუ სააკაშვილი მას ეხმარება საკუთარი პროპაგანდით, რომ ის არის მხოლოდ ალტერნატივა, მაშინ ისიც მიიღებს შესაბამის პასუხს, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, სერგი კაპანაძემ საკუთარი თანაგუნდელის, გიგი უგულავას განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.
მისი თქმით, ლაპარაკი იმის შესახებ, რომ „ევროპული საქართველოს“ განცხადებები ივანიშვილს ხელს უწყობს, არასწორია.
„ევროპული საქართველოს“ საარჩევნო სტრატეგია არის ის, რომ ვისაუბროთ, რა ტიპის გარდამტეხი ცვლილებები უნდა მოხდეს ივანიშვილის დამარცხების მერე. ამ კონტექსტში, რაც ხელს უშლის გარდამტეხ ცვლილებებს, არის ივანიშვილის პროპაგანდა, რომ თუ ის დამარცხდება და მან იცის, რომ დამარცხდება, მაშინ ალტერნატივა იქნება სააკაშვილი. გიგი უგულავას გზავნილიც არის ის, რომ რომ ჩვენი მთავარი ამოცანაა ივანიშვილის დამარცხება, მაგრამ თუ სააკაშვილი მას ეხმარება საკუთარი პროპაგანდით, რომ ის არის მხოლოდ ალტერნატივა, მაშინ ისიც მიიღებს შესაბამის პასუხს. რაც შეეხება იმას, უწყობს თუ არა ეს ხელს ივანიშვილს, რა თქმა უნდა, არა. ივანიშვილის პროპაგანდას, პირიქით ეხმარება გზავნილი, რომ მისი ალტერნატივა მხოლოდ სააკაშვილია“, – განაცხადა კაპანაძემ.
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ 12 ოქტომბერს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ სააკაშვილმა ზურგში დანა ჩაარტყა ოპოზიციის ერთობას მხოლოდ საკუთარი ერთპიროვნული ძალაუფლებისთვის.