სერგი კაპანაძე - ილუზია არავის ჰქონდეს, რომ თავისი პოლიტიკური პოზიციიდან და ეგოდან გამომდინარე, კომისიის მუშაობას როგორმე გააჭიანურებენ
სერგი კაპანაძე - ილუზია არავის ჰქონდეს, რომ თავისი პოლიტიკური პოზიციიდან და ეგოდან გამომდინარე, კომისიის მუშაობას როგორმე გააჭიანურებენ

ილუზია არავის ჰქონდეს, რომ თავისი პოლიტიკური პოზიციიდან და ეგოდან გამომდინარე, კომისიის მუშაობას როგორმე გააჭიანურებენ, – ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელმა სერგი კაპანაძემ ზაზა სარალიძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც სერგი კაპანაძემ განაცხადა, დროებითი საგამოძიებო კომისიის ამოცანაა, შეუფერხებლად იმუშაოს.

„შეხვედრაზე ვისაუბრეთ იმაზე, როგორ ვითანამშრომლებდით. ზაზა სარალიძემ კომისიასთან თანამშრომლობაზე სრული მზადყოფნა გამოთქვა. მნიშვნელოვანია, რომ ყველა მასალა დროულად მივიღოთ, მასალების მიღებას დღესვე ველოდებით. ზაზა სარალიძეს ბევრჯერ უთქვამს კონკრეტული გვარებიც. მნიშვნელოვანია, რომ ეს მასალები კომისიასთან მოხვდეს. ყველა მხარეს მოვუსმენთ, საშუალება გვექნება, ეს ინფორმაციები შევაჯეროთ. ყველა ინფორმაციაზე დაყრდნობით, კომისია ჯამში გადაწყვეტილებას მიიღებს იმ მიზნით, რომ სიმართლე იქნას გამოკვლეული. ძალიან მალე სია იქნება ცნობილი, ვის დავკითხავთ, მაგრამ ჩემი პოზიციაა, რომ ყველა ადამიანი, ვინც ამ საქმეში ფიგურირებს, იქნება დაბარებული. იმუნიტეტი არავის აქვს, ეს ყველამ კარგად უნდა იცოდეს. ამ საკითხის მიმართ ზაზა სარალიძის დამოკიდებულება ძალიან კარგად მესმის. კარგი იქნებოდა, რომ „ქართულ ოცნებას“ შესაბამისი გადაწყვეტილება თავის დროზე მიეღო. ახლა კომისია მუშაობას გააგრძელებს, ჩვენს შორის თანამშრომლობა იქნება. ბესელია რა გადაწყვეტილებას მიიღებს და როგორს, ეს მათ უნდა ჰკითხოთ. ილუზია არავის ჰქონდეს, რომ ან თავისი პოლიტიკური პოზიციიდან გამომდინარე, ან თავისი ეგოდან გამომდინარე, კომისიის მუშაობას როგორმე გააჭიანურებენ. ჩემი ამოცანაა, კომისიამ შეუფერხებლად იმუშაოს და არავინ აღუდგეს მუშაობას წინ. მოლოდინი გვაქვს, რომ მტკიცებულებები უმოკლეს ვადაში იქნება მოწოდებული“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის პირველი საორგანიზაციო სხდომა მიმდინარეობს. კომისია აირჩევს კომისიის თავმჯდომარის მოადგილეს, კომისიის მდივანს, დამტკიცდება დებულება, განიხილავენ საორგანიზაციო საკითხებს.