სერგი კაპანაძე - დუისში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით გაჩენილ კითხვებს პასუხი უნდა გაეცეს 
სერგი კაპანაძე - დუისში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით გაჩენილ კითხვებს პასუხი უნდა გაეცეს 

დუისში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით შეკითხვები აქვთ საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებს.

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი წევრი, სერგი კაპანაძე ამბობს, რომ შეკითხვებს ბადებს სპეცოპერაციისას ძალის გამოყენების ადეკვატურობა.

“ნამდვილად გაჩნდა კითხვები, რომლებსაც უნდა გაეცეს პასუხები უმოკლეს ვადაში. კითხვები ძალაუფლების გადამეტებასთან დაკავშირებით, რამდენად საჭირო იყო ძალის ისე გამოყენება, როგორც ეს მოხდა. ახლა მნიშვნელოვანია ის ადამიანი, რომელიც საავადმყოფოში იმყოფება, დროულად გამოჯანმრთელდეს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ დაემუქროს“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ პირველ არხთან საუბრისას.

საპარლამენტო უმცირესობის წევრი მიიჩნევს, რომ ასეთ ღონისძიებებსა თუ ოპერაციებზე პარლამენტს საზედამხედველო ფუნქციის განხორიცელება უნდა შეეძლოს.

“ასეთი ტიპის სპეცოპერაციების დროს ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია პარლამენტის საზედამხედველო როლი, რომელიც, სამწუხაროდ, ხელისუფლებამ მთლიანად გააუქმა. ჩვენ, საპარლამენტო დისკუსიის ფარგლებში არ გვაქვს შესაძლებლობა, რომ სპეცოპერაციები იქნება თუ სხვა ტიპის ღონისძიებები, კონტროლი განვახორციელოთ“, – ამბობს სერგი კაპანაძე.