სერგი კაპანაძე - ჟენევის დისკუსიების ფორმატის შეცვლაზე ნებისმიერი საუბარი კარგად აწონ-დაწონილი უნდა იყოს
„ევროპული საქართველოს“ წევრი, დეპუტატი სერგი კაპანაძე მიიჩნევს, რომ ჟენევის დისკუსიების ფორმატის შეცვლაზე ნებისმიერი საუბარი კარგად აწონ-დაწონილი უნდა იყოს.
კაპანაძის შეფასებით, ეს ძალიან ფაქიზი თემაა.
„ყველას ძალიან კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ომის შემდეგ ეგრევე მიღებული ფორმატი, რომელიც არის კარგი, ინკლუზიური ფორმატი, რომელშიც მონაწილეობს ბევრი საერთაშორისო ორგანიზაცია, ევროკავშირის თაოსნობით არის. რუსეთი არის კონფლიქტის მხარედ გამოყვანილი. მაქსიმუმი იყო, რისი მიღებაც ჩვენ შეგვეძლო. ფორმატის გადახედვაზე საუბარი დღევანდელ რეალობაში შეიძლება, იმის საფრთხეს ქმნიდეს, რომ ფორმატი ჩვენთვის უარესი გახდეს“, – განაცხადა კაპანაძემ.
შესაბამისად, მისი თქმით, აღნიშნულ საკითხზე საუბრისას თავის სიტყვებს ყველა პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს.
„ამიტომ, ყველა პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს თავის სიტყვებს და არ შევქმნათ რეალობა, რომელშიც ეს ფორმატი გადაიხედება, ოღონდ მივაღწიოთ გაცილებით უარესს, ვიდრე გვაქვს დღეს“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.
როგორც საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ხატია მოისწრაფიშვილმა დღეს განაცხადა, პრეზიდენტს მიაჩნია, რომ ჟენევის ფორმატის განახლება აუცილებელია. „ჟენევის ფორმატს არ აქვს ალტერნატივა, თუმცა ბოლო წლებმა ცხადყო, რომ ამ ფორმატში ხდება ტექნიკური საკითხების გადაწყვეტა და მათზე მუშაობა, ის არ პასუხობს პოლიტიკურ მოთხოვნებს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილის პრესსპიკერმა.