რუსეთის საგარეო უწყება - ძალის გამოუყენებლობის შეთანხმების აქტუალობა იზრდება აშშ-ისა და ნატო-ს წვრთნების აქტივობისა და ნატო-ში საქართველოს გაწევრიანების გეგმების ძალაში დატოვების ფონზე
რუსეთის საგარეო უწყება - ძალის გამოუყენებლობის შეთანხმების აქტუალობა იზრდება აშშ-ისა და ნატო-ს წვრთნების აქტივობისა და ნატო-ში საქართველოს გაწევრიანების გეგმების ძალაში დატოვების ფონზე

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადების თანახმად, რუსეთის მხრიდან შეხვედრაზე ითქვა, რომ უნდა შეწყდეს რეგულარული რაუნდების გადადებისა და გაუქმების პრაქტიკა და პროცესი ჟენევის დისკუსიების უწყვეტ ფუნქციონირებაზე უნდა გადავიდეს.

განცხადების თანახმად, აქტუალური საკითხების განხილვისას რუსეთის დელეგაციამ აქცენტი გააკეთა ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიულად სავალდებულო შეთანხმების დადებისთვის არსებითი სამუშაოების დაწყების პრიორიტეტზე.

„ასეთი დოკუმენტის აქტუალობა განსაკუთრებით იზრდება ამიერკავკასიაში აშშ-ისა და ნატო-ს სამხედრო წვრთნების აქტივობისა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს გაწევრიანების გეგმების ძალაში დატოვების ფონზე“, – აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადების თანახმად, დისკუსიის მონაწილეებმა თქვეს, რომ მდგომარეობა მთლიანად ადმინისტრაციულ გამყოფ ზონაში სტაბილურია, სიტუაციის კონტროლის ქვეშ შენარჩუნება შესაძლებელია მხარეების მხრიდან თავშეკავების გამოვლენის წყალობით, ასევე სააბონენტო პუნქტებისა და ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) მდგრადი ფუნქციონირებით.

რუსეთის საგარეო უწყების განცხადებით, შემდეგი ნაბიჯი უნდა იყოს მსგავსი საქმიანობის განახლება გალში.

„ჰუმანიტარულ გზაზე კონსტრუქციული სამუშაოების დაწყებას კვლავ აფერხებს გაერო-ს გენერალური ასამბლეის პოლიტიზებული რეზოლუცია იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა შესახებ, რომელიც ყოველწლიურად შეაქვს საქართველოს. ამავდროულად, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებს კვლავ ეკრძალებათ ნიუ იორკის პლატფორმაზე წვდომა, რათა წარმოადგინონ თავიანთი პრინციპული პოზიციები ამ თემაზე. ამასთან დაკავშირებით რუსულმა მხარემ, სოხუმმა და ცხინვალმა ხაზი გაუსვეს, რომ ასეთ პირობებში ჟენევის დისკუსიების ფარგლებში ამ საკითხის განხილვა შეუძლებელია“, – აღნიშნულია განცხადებაში.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ შემდეგი შეხვედრა 2023 წლის დეკემბერში გაიმართება.