ხატია მოისწრაფიშვილი - საქართველოს პრეზიდენტს მიაჩნია, რომ ჟენევის ფორმატს არ აქვს ალტერნატივა, თუმცა ის არ პასუხობს პოლიტიკურ მოთხოვნებს
ხატია მოისწრაფიშვილი - საქართველოს პრეზიდენტს მიაჩნია, რომ ჟენევის ფორმატს არ აქვს ალტერნატივა, თუმცა ის არ პასუხობს პოლიტიკურ მოთხოვნებს

ჟენევის ფორმატს არ აქვს ალტერნატივა, თუმცა ბოლო წლებმა ცხადყო, რომ ამ ფორმატში ხდება ტექნიკური საკითხების გადაწყვეტა, ის არ პასუხობს პოლიტიკურ მოთხოვნებს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ხატია მოისწრაფიშვილმა განაცხადა.

როგორც ხატია მოისწრაფიშვილმა აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილს მიაჩნია, რომ აუცილებელია ჟენევის ფორმატის განახლება და ნებისმიერ შემთხვევაში უნდა მოხდეს პოლიტიკური დიალოგის წარმოება.

„საქართველოს პრეზიდენტი აცხადებს, რომ აუცილებელია ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით და კონფლიქტებთან მიმართებაში ყველა არსებული ფორმატის მაქსიმალურად გამოყენება. ყველა ტრიბუნა, სადაც საქართველოს ხმა გაჟღერდება გამოყენებული უნდა იყოს, რათა მუდმივად შევახსენოთ რუსეთს და მოუწოდოთ ვალდებულებების შესრულებისკენ, რომელიც აღებული აქვს სხვადასხვა ხელშეკრულებების მიხედვით. ჟენევის ფორმატს არ აქვს ალტერნატივა, თუმცა ბოლო წლებმა ცხადყო, რომ ამ ფორმატში ხდება ტექნიკური საკითხების გადაწყვეტა და მათზე მუშაობა, ის არ პასუხობს პოლიტიკურ მოთხოვნებს. აქედან გამომდინარე პრეზიდენტს მიაჩნია, რომ აუცილებელია ამ ფორმატის განახლება, ყველა შესაძლო შესაძლებლობის გათვალისწინებით, ნებისმიერ შემთხვევაში უნდა მოხდეს პოლიტიკური დიალოგის წარმოება. ეს თუ მოხდება ჟენევის ფორმატში მისასალმებელია, თუ არადა უნდა მოიძებნოს სხვა გზები, სადაც შესაძლებელია ასეთი პოლიტიკური დიალოგის წარმართვა“, – განაცხადა მოისწრაფიშვილმა.

ჟენევის დისკუსიების ფორმატის შეცვლის აუცილებლობაზე საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ტვიტერზეც დაწერა.

„ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატი, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე კონფლიქტების გადაჭრისკენ არის მიმართული, უნდა შეიცვალოს მაღალი დონის დიპლომატიური და პოლიტიკური დიალოგით. ჩვენ გადავწყვეტთ ჩვენს კონფლიქტს ფორმატით, რომელიც ძირითადად მიმართულია ტექნიკურ საკითხებზე,“ – წერს საქართველოს პრეზიდენტი.

დატოვე კომენტარი