სერგი კაპანაძე - დღევანდელი ხელისუფლება და პოლიცია იქცევა ისე, როგორც ავტორიტარული რეჟიმების პოლიცია და ხელისუფლება არსებობის ბოლო დღეებში
სერგი კაპანაძე - დღევანდელი ხელისუფლება და პოლიცია იქცევა ისე, როგორც ავტორიტარული რეჟიმების პოლიცია და ხელისუფლება არსებობის ბოლო დღეებში

დღევანდელი ხელისუფლება და პოლიცია იქცევა ზუსტად ისე, როგორც იქცევა ხოლმე ავტორიტარული რეჟიმების პოლიცია და ხელისუფლება თავისი არსებობის ბოლო დღეებში, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, სერგი კაპანაძემ გუშინ საოლქო კომისიებთან აქტივისტების დაკავებაზე კომენტირებისას განაცხადა.

კაპანაძის თქმით, აქტივისტების დაკავება ვერ შეაჩერებს საპროტესტო მუხტს. როგორც კაპანაძემ აღნიშნა, ყველაზე კარგ პასუხს ხელისუფლება მიიღებს 8 ნოემბერს მასშტაბური აქციით.

„ეს არის სრული აგონია. ჯერ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ არც ერთი საჩივარი არ განიხილონ. არ დააკმაყოფილეს პრაქტიკულად არც ერთი საჩივარი. შემდეგ გადაწყვიტეს, რომ დაეწყოთ აქტივისტების დაკავება. მათ თუ ჰგონიათ, რომ აქტივისტების დაკავებით გააჩერებენ იმ საპროტესტო მუხტს, რომელიც დღეს ქვეყანაში გაჩნდა გაყალბებული არჩევნების გამო, ძალიან ცდებიან. ყველაზე კარგი პასუხი ამაზე იქნება ის, რაც მოხდება 8 ნოემბერს. რამდენი ადამიანიც გამოვა, კარგად დაინახავენ. იქნება ის პროტესტი, რომელიც გაგრძელდება, ვიდრე ეს ბრძოლა არ დამთავრდება წარმატებით. წარმატება ამ შემთხვევაში არის ამ არჩევნების განმეორება ახალი საარჩევნო ადმინისტრაციით და ხალხის ნების ასახვა საარჩევნო შედეგებში.
ყველა სხვა შედეგი არის მიუღებელი, რადგან არავის აქვს უფლება, განსაკუთრებით რუს ოლიგარქს, ისე დაწეროს შედეგები, რომ ეს იყოს ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგო“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

ინფორმაციას „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.