სერგი კაპანაძე - ჩვენი მოწოდებაა, შევიდეთ დიალოგში ხელახალ არჩევნებთან დაკავშირებით, ჩვენ პარტნიორებთან ერთად
ჩვენი მოწოდებაა, შევიდეთ დიალოგში ხელახალ არჩევნებთან დაკავშირებით, ჩვენ პარტნიორებთან ერთად, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგი კაპანაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „მოამბე-დღის თემა“ განაცხადა.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რაზე შეიძლება, მოხდეს შეთანხმება „ქართულ ოცნებასთან“, სერგი კაპანაძემ განაცხადა, რომ მთავარია, მოპარული და გაყალბებული არჩევნები თავიდან ჩატარდეს.
„დანარჩენზე შეგვიძლია, ვილაპარაკოთ, მაგრამ ასეთი მიდგომა არ გამოვა – იცით, რა? მე ეს არ მომიგია, მაგრამ მოვიგე დავიწერე, თქვენ ახლა მოდით, ამაზე დამეთანხმეთ და მერე იქ რაღაცები შეიძლება, დაგითმოთ. ეს რა სისულელეა, მაგაზე ვინ დათანხმდება? ამიტომ, ჩვენი მოწოდებაა, შევიდეთ დიალოგში ხელახალ არჩევნებთან დაკავშირებით, ჩვენ პარტნიორებთან ერთად“, – განაცხადა კაპანაძემ.
მისი თქმით, პროტესტები იქამდე გაგრძელდება, ვიდრე მიზანი არ იქნება მიღწეული.
„იმედს ვიქონიებთ, ივანიშვილის გარემოცვაში ამ პროტესტების ფონზე ვიღაცას მაინც ეყოფა კეთილგონიერება, ის დაარწმუნოს, რომ ეს არის ერთადერთი სწორი ნაბიჯი. თუ არადა, ვიქნებით უმძიმეს პოლიტიკურ კრიზისში და როგორც მინიმუმ, მივიღებთ ერთპარტიულ, ჩრდილო კორეულ პარლამენტს. თუ ივანიშვილს ეს გზა უნდა, ამ გზას არასოდეს მოჰყვება კარგი შედეგები და ეს წინასწარ იცოდნენ“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.