სერგი კაპანაძე - არ ვაპირებთ, ივანიშვილს მივცეთ საშუალება, პოლიტპატიმრების ბედით ივაჭროს და დაითანხმოს ვინმე ისეთ სისტემაზე, რომელიც არსებითად პროპორციული არ არის
არ ვაპირებთ, ივანიშვილს მივცეთ საშუალება, პოლიტპატიმრების ბედით ივაჭროს და დაითანხმოს ვინმე ისეთ სისტემაზე, რომელიც არსებითად პროპორციული არ არის, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგი კაპანაძემ განაცხადა.
კაპანაძე ამბობს, რომ 110/40-ზე მოდელს და მმართველი გუნდის მხრიდან მანამდე შეთავაზებულ სხვა წინადადებას ოპოზიციის მხარდაჭერა არ ექნება.
„ჩვენ ვნახეთ ორი პოლიტიკური პატიმრის, გიგი უგულავასა და გიორგი რურუას წერილები საპატიმროდან, ძალიან ვაფასებთ ამ წერილებს, ეს აჩვენებს, რომ ეს ადამიანები გაცილებით უფრო თავისუფლები არიან საპატიმროებში, ვიდრე ისინი , ვინც ივანიშვილის გვერდით არიან. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ არ ვაპირებთ, ივანიშვილს მივცეთ საშუალება, ივაჭროს პოლიტპატიმრების ბედით და დაითანხმოს ვინმე ისეთ სისტემაზე, რომელიც არ არის არსებითად პროპორციული. შესაბამისად, 110/40-ზე და ის სისტემა, რომელიც აქამდე იყო შემოთავაზებული, ჩვენი მხარდაჭერით არ ისარგებლებს“ ,- განაცხადა სერგი კაპანაძემ.
კაპანაძე ამბობს, რომ გიგი უგულავასა და გიორგი რურუას პოზიცია დასაფასებელია.
„ძალიან დასაფასებელია და გონივრულია ის პოზიცია, რომელიც ორივე პოლიტპატიმარმა გამოხატა, რომ თუ იქნება შემოთავაზებული არსებითად პროპორციული სისტემა, ჩვენ მას მხარს დავუჭერთ. მხარს დავუჭერთ ერთი მხრივ იმიტომ, რომ ეს არის საზოგადოების მოთხოვნა და მეორე იმიტომ, რომ სწორედ ასეთ სისტემაში იქნება შესაძლებელი ივანიშვილის დამარცხება. სხვა სისტემაშიც არის დამარცხებადი ივნიშვილი“ ,- განაცხადა სერგი კაპანაძემ.
„ევროპული საქართველოს“ წევრმა, პატიმრობაში მყოფმა გიგი უგულავამ სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ გვერდზე დაწერა, რომ არ სურს, მისი გათავისუფლების საკითხი გახდეს ბარიერი მაქსიმალურად პროპორციული სისტემის მიღების პროცესში, რაც ქვეყანას, მის მშვიდობიან განვითარებას, ჰაერივით სჭირდება.
გიგი უგულავა მიმართავს თანაგუნდელებსა და მთლიანად ოპოზიციის ერთობას, რომ მისი პატიმრობა, შეგნებული არჩევანი და საერთო ბრძოლის ნაწილია.
უგულავას განცხადებით, მაქსიმალურად პროპორციული სისტემის მისაღებად ყველაფერი უნდა გაკეთდეს.