გიგი უგულავა - არ მსურს, ჩემი გათავისუფლების საკითხი გახდეს ბარიერი მაქსიმალურად პროპორციული სისტემის მიღების პროცესში
გიგი უგულავა - არ მსურს, ჩემი გათავისუფლების საკითხი გახდეს ბარიერი მაქსიმალურად პროპორციული სისტემის მიღების პროცესში

არ მსურს, ჩემი გათავისუფლების საკითხი გახდეს ბარიერი მაქსიმალურად პროპორციული სისტემის მიღების პროცესში, რაც ქვეყანას, მის მშვიდობიან განვითარებას, ჰაერივით სჭირდება,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრი, პატიმრობაში მყოფი გიგი უგულავა სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.

გიგი უგულავა მიმართავს თანაგუნდელებსა და მთლიანად ოპოზიციის ერთობას, რომ მისი პატიმრობა, შეგნებული არჩევანი და საერთო ბრძოლის ნაწილია.

უგულავას განცხადებით, მაქსიმალურად პროპორციული სისტემის მისაღებად ყველაფერი უნდა გაკეთდეს.

„მერაბ კოსტავას ცნობილი სიტყვების პერიფრაზი რომ მოვახდინოთ – მთავარია, სად იქნება ეროვნული მოძრაობა და არა ის, სად ვიქნებით ჩვენ ეროვნულ მოძრაობაში. დიახ, დღეს ჩვენს ბრძოლას ჰქვია ხალხი ივანიშვილის წინააღმდეგ და ამ ბრძოლას ხალხი აუცილებლად მოიგებს. არ ვაპირებ ივანიშვილთან კატა-თაგვობანას თამაშს. საერთოდ არაა მნიშვნელოვანი, როდის მოუნდება მას ჩემი მეოთხედ დაპატიმრება ან გამოშვება. მან მძევლად ამიყვანა მე და სხვა პოლიტპატიმრები, იმის იმედით, რომ მისთვის სასარგებლო და ქვეყნისთვის საზიანო საარჩევნო სისტემის გამოვაჭრებით, გაიხანგრძლივოს ძალაუფლება.

ის ამ მიზანს ვერ მიაღწევს. ამასთანავე, არ მსურს, ჩემი გათავისუფლების საკითხი გახდეს ბარიერი მაქსიმალურად პროპორციული სისტემის მიღების პროცესში, რაც ქვეყანას, მის მშვიდობიან განვითარებას, ჰაერივით სჭირდება. მინდა მივმართო ჩემს თანაგუნდელებს და მთლიანად ოპოზიციის ერთობას. ჩემი პატიმრობა, ჩემი შეგნებული არჩევანია და საერთო ბრძოლის ნაწილია. ისევე როგორც მაქსიმალურად პროპორციული სისტემის მიღებაა, ამ ბრძოლის მშვიდობიანი გადაწყვეტა. 2020-ში არჩევნების მაქსიმალურად პროპორციული სისტემით ჩატარება მხოლოდ გააიოლებს ქვეყნის ამოცანას – ივანიშვილის რეჟიმის დამარცხებას. ამასთანავე ოპოზიციის დღევანდელი ერთობაა ამ ამოცანის აღსრულების მთავარი წინაპირობა. ეს ერთობაა, და არა რომელიმე სისტემა, რაც ყველაზე მეტად აშინებს ივანიშვილს. მეგობრებო, არ იდარდოთ ჩემზე, შევინარჩუნოთ ერთობა და ყველაფერი ვქნათ მაქსიმალურად პროპორციული სისტემის მისაღებად. სრული მხარდაჭერა თქვენ ამ ამოცანის მიღწევაში“ ,- წერს გიგი უგულავა.

დატოვე კომენტარი