სერგი კაპანაძე აცხადებს, რომ რამდენიმე საარჩევნო ოლქში ბიულეტენებში 2 ნომერი არ არის
„ევროპული საქართველოს“ წევრი სერგი კაპანაძე აცხადებს, რომ რამდენიმე საარჩევნო ოლქში ბიულეტენებში 2 ნომერი არ არის და ასეთი შემთხვევა უკვე ასია.
ასევე, როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე კაპანაძემ განაცხადა, „ქართული ოცნება“ აპირებს, საპარლამენტო არჩევნებზე საკუთარი ამომრჩეველი მიიყვანოს.
„რამდენიმე საათია დარჩენილი საარჩევნო უბნების დახურვამდე და ჩვენს მხარდამჭერებს მოვუწოდებ, მხარი დაუჭირონ „ევროპულ საქართველოს“. ამ საათებში წყდება ბიძინა ივანიშვილის ყოფნა-არყოფნის ამბავი. რაც უფრო მეტი ადამიანი მივა არჩევნებზე და შემოხაზავს „ევროპულ საქართველოს“, მით უფრო დიდი შანსი იქნება და დამარცხდება ბიძინა ივანიშვილი“, – განაცხადა კაპანაძემ.
ამასთან, სერგი კაპანაძემ აღნიშნა, რომ რამდენიმე საარჩევნო ოლქში ბიულეტენებში 2 ნომერი არ არის და ასეთი შემთხვევა უკვე ასია.
„ვითხოვთ, რომ ყველა ასეთი ბიულეტენი, რომელიც ურნაში იქნება, გაბათილდეს, რადგან ადამიანებს საშუალება არ ჰქონდათ, 2 ნომერი შემოეხაზათ. გარდა ამისა, ფულის დარიგება ხდება უბნების წინ. რამდენიმე მასალა გვაქვს, სადაც ეს არის აღბეჭდილი. გორის პირველ საარჩევნო უბანზე აგიტატორი კონვერტს აძლევს ამომრჩეველს, სადაც ფული არის. არის შემთხვევები, როცა ბიულეტენები უპატრონოდ ყრია, რომელიც შეიძლება, შემდეგ საარჩევნო ურნაში ჩააგდონ, ან ამომრჩეველთა რაოდენობას დააკლდეს. ასეთია სოფელი ინგირის ფოტო, რომელიც ასახავს 46-ე საარჩევნო უბანი, სადაც ბიულეტენი გახსნილ მდგომარეობაშია და ეს სერიოზული დარღვევაა. რამდენიმე შემთხვევაა, როცა რეგისტრატორები ბიულეტენები უკანა მხარეს ბეჭედს არ ურტყამენ, რაც ბათილი უნდა იყოს შემდეგ. როგორც ჩანს, „ქართული ოცნების“ კომისიის წევრებმა იციან, თუ ვინ არის ოპოზიციის მხარდამჭერი და ბეჭედს სწორედ მათ არ ურტყამენ. ასევე სამგორის 69-ე უბანზე ბეჭედს არ ურტყამდნენ ბიულეტენს და ამის ფოტო გვაქვს“, – განაცხადა კაპანაძემ.
დეპუტატის ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ აგიტატორები სიებით დგანან და აღრიცხავენ, რომელ უბანზე ვინ არის მისული და ამომრჩეველზე გავლენას ახდენენ.
„გორის 77-ე უბანია, სადაც ასეთი შემთხვევები ბევრი იყო. „ქართული ოცნების“ აგიტატორები მოქალაქეებს ეკითხებიან, მხარი ვის დაუჭირეს და ფულს უხდიან იმ ადამიანებს, ვინც მათთან მიდიან. ასევე სერიოზული დარღვევა ის, როცა ხდება ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა. ვანში მე-4 უბანზე საარჩევნო კაბინასთან ამომრჩეველს კარნახობენ, ვინ უნდა შემოხაზოს. შეგვიძლია, ეს ვიდეოც ვნახოთ. ეს არის სულორის წარმომადგენელი ვანში“, – აღნიშნა კაპანაძემ.