სერგი გვარჯალაძე - ვერ მივესალმები, რომ ღამის ცხოვრება ნარკოტიკების პლატფორმა გახდეს
ღამის ბიზნესი უნდა დავარწმუნოთ, რომ მას გარკვეული ორგანიზაცია სჭირდება, რომელიც სახელმწიფოსთან და მოსახლეობასთან კოორდინაციაში იქნება, ჩემი როლი კი ადვოკატირება იქნება, – ამის შესახებ დედაქალაქის ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტის ხელმძღვანელმა სერგი გვარჯალაძემ პირველი არხის გადაცემა „კვირის ინტერვიუში“ სტუმრობისას განაცხადა.
„ფაქტობრივად, ჩვენ ყველაფრის ნულიდან დაწყება მოგვიწევს. ამ ეტაპზე, შეხვედრებს ვმართავ დაინტერესებულ მხარეებთან და ის ადამიანები, რომლებიც მიხვდნენ, რაზე ვსაუბრობთ, უკვე კონტაქტში არიან“, – განაცხადა სერგი გვარჯალაძემ.
გადაცემის წამყვანის ირაკლი აბსანძის შეკითხვაზე, რამდენად რეალურია დიდი გეგმების განხორციელება იმ პირობებში, როცა ქვეყნის ნარკოპოლიტიკა ძალიან მკაცრია, მაგალითად აბსანძემ მოიტანა პირველი არხის ყოფილი თანამშრომლის საქმე, რომელიც ორი გრამი კლუბური ნარკოტიკის ფლობისთვის ციხეში რვა წლით გაუშვეს, სერგი გვარჯალაძემ აღნიშნა, რომ საქართველომ საუკეთესო მაგალითები უნდა ნახოს, თუ როგორ გადაწყდა ეს პრობლემა სხვა ქვეყნებში.
„საერთოდ, ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციას და დეკრიმინალიზაციას მხარს მე, თქვენ და მთელი საქართველო უჭერს, მაგრამ როცა ნარკოპოლიტიკაზე ვსაუბრობთ, იმაზე უნდა ვიფიქროთ, ალტერნატივა რა არის. ვფიქრობ, ახალგაზრდებს ალტერნატივები უნდა შევთავაზოთ, არა მხოლოდ ღამის, არამედ დღის პერიოდშიც“, – განაცხადა სერგი გვარჯალაძემ.
მისი თქმით, საქართველო იმით გამოირჩევა, რომ მსმენელის ძალიან დიდი ნაწილი ღამის კლუბში მუსიკის მოსასმენად, საცეკვაოდ მიდის და არა მაინცდამაინც ნარკოტიკისთვის, რაც ყველას უკვირს.
როგორც სერგი გვარჯალაძემ აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ დეკრიმინალიზაცია აუცილებლად უნდა მოხდეს, იმას ვერ მიესალმება, რომ ღამის ცხოვრება ნარკოტიკების პლატფორმა გახდეს.
„პირიქით, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მოსახლეობა ჯანმრთელი, ბედნიერი იყოს. ამისთვის ადამიანებს კვირის განმავლობაში ბევრი შრომა და პარასკევიდან კარგი დასვენება სჭირდებათ“, – განაცხადა სერგი გვარჯალაძემ.
ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტის ხელმძღვანელმა ასევე აღნიშნა, რომ ელექტრონული სცენა საქართველოს ნოუ ჰაუა, რომელიც უნდა გამოვიყენოთ.
„ელექტრონული, საკლუბო სცენის, ინდუსტრიის წარმომადგენლები ხშირად ამბობენ, რომ ამ ეტაპზე დახმარება აღარ სჭირდებათ და უნდათ, მათი გამოცდილება ქვეყანამ გამოიყენოს. ამ პერსპექტივას ჩვენც ვხედავთ და აქცენტი უფრო კულტურულ ცხოვრებაზე გვინდა გადავიტანოთ“, – განაცხადა სერგი გვარჯალაძემ.