სერგეი ლავროვი - რუსეთი ადრე უკვე გამოვიდა უსაფრთხოების უზრუნველყოფის ნებისმიერი ვარიანტის განხილვის ინიციატივით, მაგრამ ვოლოდიმირ ზელენსკიმ შესაძლებლობები ხელიდან გაუშვა
სერგეი ლავროვი - რუსეთი ადრე უკვე გამოვიდა უსაფრთხოების უზრუნველყოფის ნებისმიერი ვარიანტის განხილვის ინიციატივით, მაგრამ ვოლოდიმირ ზელენსკიმ შესაძლებლობები ხელიდან გაუშვა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი იტყუება, როდესაც აცხადებს მზადყოფნას, განიხილოს ქვეყნის ნეიტრალური სტატუსი, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, დონეცკისა და ლუგანსკის სეპარატისტული ე.წ. რესპუბლიკების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, უკრაინის პრეზიდენტმა უარი თქვა მინსკის შეთანხმების შესრულებაზე და მუდმივად მიმართავდა დასავლეთს „ნორმანდიული ფორმატის“ გამართვისთვის.

ლავროვის განცხადებით, რუსეთი ადრე უკვე გამოვიდა უსაფრთხოების უზრუნველყოფის ნებისმიერი ვარიანტის განხილვის ინიციატივით, მაგრამ პრეზიდენტმა ზელენსკიმ შესაძლებლობები ხელიდან გაუშვა.

რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, რუსეთმა გადაწყვიტა სპეციალური სამხედრო ოპერაცია ჩაეტარებინა, რათა „ჩაგვრისგან გათავისუფლებულმა“ უკრაინელებმა თავისუფლად განსაზღვრონ საკუთარი მომავალი.

„ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ საკუთარი ურყევი მხარდაჭერა დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების მიმართ მათი დამოუკიდებლობის განმტკიცების მცდელობებში, მათ მისწრაფებაში, უზრუნველყონ თავიანთი უფლებები, უპირველეს ყოვლისა, ამ მიწაზე ცხოვრების უფლება და დონბასის მოსახლეობის კულტურული, ენობრივი და სხვა ტრადიციების ქონის უფლება, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში ვითარდებოდა და რომლის ძირის გამოთხრას ახლა უკრაინის რეჟიმი ცდილობდა. რუსეთი უკრაინაში ნეონაცისტების მმართველობას არ დაუშვებს“, – თქვა სერგეი ლავროვმა.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა: „დღეს ვკითხე ევროპის 27 ლიდერს, იქნება თუ არა უკრაინა ნატო-ში? ვკითხე პირდაპირ. ყველას ეშინია. არ მპასუხობენ. ჩვენ კი არაფრის გვეშინია. არ გვეშინია რუსეთის, არ გვეშინია რუსეთთან საუბრის. ყველაფერზე საუბრის, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების გარანტიებზე და ნეიტრალიტეტზე (ჩვენ ხომ ახლა არ ვართ ნატო-ს წევრი), მაგრამ ჩვენ რა გარანტიები გვექნება?“