ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინა ნატო-ს წევრი გახდება მხოლოდ მაშინ, როცა გავიმარჯვებთ
ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინა ნატო-ს წევრი გახდება მხოლოდ მაშინ, როცა გავიმარჯვებთ

ჩემი პირადი აზრით, ჩვენ ნატო-ს წევრი გავხდებით მხოლოდ მაშინ, როცა გავიმარჯვებთ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნატო-ს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან შეხვედრისას განაცხადა.

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, არ თვლის, რომ უკრაინას ნატო-ში ომის მიმდინარეობისას მიიღებენ.

„ეს ზოგისთვის დიდი რისკია, ზოგი კი, უბრალოდ, სკეპტიკურად არის განწყობილი. ნატო-ს წევრობის საკითხი, როგორც გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, უმრავლესობის გადასაწყვეტია. უკრაინის ალიანსში პოლიტიკურად მიღებისთვის საჭიროა გამარჯვება. საქმე როდესაც მივა უკრაინის ალიანსში გაწევრიანებამდე, არავინ დააყენებს ნატო-სთან თავსებადობისა და უკრაინელი სამხედროების დონის საკითხს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ დღევანდელი ომის ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ უკრაინა მანამდე არ იყო ალიანსის წევრი.

გუშინ რადაში სიტყვით გამოსვლისას ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ზუსტად ვერ იწინასწარმეტყველებს, როდის გახდება უკრაინა ნატო-ს წევრი.