სენაკში მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნები მიმდინარეობს
სენაკის №64.04 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნები მიმდინარეობს.
არჩევნები სამ საარჩევნო უბანზე თეკლათში, გოლასკურსა და ზემო ჭალადიდში დროულად დაიწყო. სამივე უბანზე არჩევნები ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ხდება. მათ შორის ვერიფიკაციის, ხმის მიცემის და დათვლის აპარატის გამოყენებით. მოდიფიცირებულია ხმის მიცემის კაბინებიც.
ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში 2 307-ს შეადგენს.
საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ცოტნე შუშანიას თქმით, სამივე საარჩევნო უბნის კომისიის წევრებმა გაიარეს გადამზადება, ტრენინგები, აპარატურა გამართულია და ყველა უბანზე პირველი ამომრჩეველი დაფიქსირდა.
მისივე თქმით, საუბნო საარჩევნო კომისიებში არ არიან „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები, მათ განაცხადი არ გაუკეთებიათ.
შუალედური არჩევნებისთვის რეგისტრირებულია ორი საარჩევნო სუბიექტი: მამუკა ტუსკაძე – „მამუკა ტუსკაძე – სოციალური სამართლიანობისთვის“ და ზაზა ყურაშვილი – „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველო“.
არჩევნები ცესკო-მ მას შემდეგ დანიშნა, რაც 31 მაისს, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ვახტანგ წურწუმიამ საკრებულო დატოვა. სენაკის საკრებულოში ამჟამად 32 წევრია, 16 „ქართული ოცნებიდან“, 12 „ნაციონალური მოძრაობიდან“ და ოთხი – პარტიიდან „საქართველოსთვის“. საკრებულოს ოპოზიციური პარტიები არჩევნებში არ მონაწილეობენ.