სემეკ-ის თავმჯდომარეს კომისიის წევრები აირჩევენ
სემეკ-ის თავმჯდომარეს კომისიის წევრები აირჩევენ

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარეს თავად კომისია აირჩევს. შესაბამისი ცვლილებები „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ კანონში შედის, რომლის ინიცირება 7 ოქტომბრის ბიუროს სხდომაზე მოხდება.

გიორგი კახიანისა და გურამ მაჭარაშვილის მიერ მომზადებული პროექტით კომისიის თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადა და თავმჯდომარის არჩევის წესიც განისაზღვრება.

კერძოდ, ცვლილებებით, კომისიის თავმჯდომარეს, კომისიის არანაკლებ ორი წევრის წარდგინებით, ფარული კენჭისყრით ირჩევს კომისია საკუთარი შემადგენლობიდან, სრული შემადგენლობის უმრავლესობით, სამი წლით, მოქმედი თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადის გასვლიდან ან უფლებამოსილების შეწყვეტიდან 15 კალენდარულ დღეში.

ამასთან, ცვლილებები შედის „მაუწყებლობის შესახებ“ კანონშიც, რომლის მიხედვით, ამოღება ხდება იმ რეგულაციის, რომლითაც, ერთი და იმავე პირი არ შეიძლება არჩეული იყოს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარედ ერთზე მეტი ვადით.

სემეკ-ის თავმჯდომარის არჩევის წესის ცვლილება დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც დავით ნარმანიას კანდიდატურა პრეზიდენტმა მთავრობის წარდგინებით პარლამენტს წარუდგინა.

პლენარულ სხდომაზე, კენჭისყრამდე, ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხათუნა გოგორიშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს კონსტიტუცია სემეკ-ის თავმჯდომარის პარლამენტის მხრიდან არჩევას არ ითვალისწინებდა. უმრავლესობამ კენჭისყრა აღარ ჩაატარა და კანონში ცვლილებები მოამზადა.