საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წარმომადგენლებმა საფრანგეთის ელჩს უმასპინძლეს
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრებს განაგრძობს.
საბჭოს თავმჯდომარემ, ირინა ფუტკარაძემ და საბჭოს წევრმა, ზაზა აბაშიძემ დღეს საფრანგეთის ელჩს, დიეგო კოლასს უმასპინძლეს. საუბარი შეეხო არხის განვითარების სამომავლო პერსპექტივებსა და გეგმებს.
ამასთან, დიეგო კოლასმა დაათვალიერა საქართველოს პირველი არხის შენობა, სტუდიები და მუშაობის პროცესს გაეცნო.
„ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს ვესტუმრე საქართველოს პირველ არხს. მიმაჩნია, ჟურნალისტებთან და ზოგადად, პრესასთან ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია დღევანდელი საქართველოსთვის, რომელიც გვიყვარს და ვეხმარებით განვითარებაში. ამიტომ ყურადღებით ვაკვირდებით მედიასთან დაკავშირებულ მოვლენებს“, – განაცხადა დიეგო კოლასმა.
ირინა ფუტკარაძემ აღნიშნა, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს, როგორც არასდროს, ისე სჭირდება საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის მხარდაჭერა.
„მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი მაქსიმალურად ცდილობს, იყოს დაბალანსებული, იცით, რომ გარკვეული პრობლემების წინაშე დგებიან, როგორც ჩვენი მაუწყებელი, ასევე ჟურნალისტები. შესაბამისად, ინსტიტუციური განვითარებისთვის საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენი შეხვედრები ამ მიმართულებით გრძელდება“, – განაცხადა ირინა ფუტკარაძემ.