საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს უმრავლესობამ პირველი არხის ჟურნალისტთა მხარდამჭერი განცხადება მიიღო, ლიკა ბასილაიამ და ზაზა აბაშიძემ განცხადებას მხარი არ დაუჭირეს
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს უმრავლესობამ პირველი არხის ჟურნალისტთა მხარდამჭერი განცხადება მიიღო, ლიკა ბასილაიამ და ზაზა აბაშიძემ განცხადებას მხარი არ დაუჭირეს

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრთა უმრავლესობამ პირველი არხის ჟურნალისტთა მხარდამჭერი განცხადება მიიღო. განცხადებას მხარი არ დაუჭირეს ლიკა ბასილაიამ და ზაზა აბაშიძემ. სხდომას არ ესწრებოდა ლაშა ტუღუში.

სამეურვეო საბჭოს მიერ დამტკიცებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„გარკვეული პოლიტიკური წრეები თუ ცალკეული აჟიტირებული პერსონები კვლავაც აგრძელებენ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლისა და მისი ჟურნალისტების აუგად მოხსენიებას თუ პირდაპირ შევიწროებასა და შეურაცხყოფას, რასაც თან ახლავს მუქარა, რომ ძველი ხელისუფლების წარმომადგენელთა ან მათთან პირდაპირ დაკავშირებულ პოლიტიკურ პარტიათა მმართველობაში დაბრუნების შემთხვევაში ქვეყანაში კონსტიტუციით გარანტირებული საზოგადოებრივი მაუწყებლობა გაუქმდება.

სრულიად ნათელია, რომ ხსენებული წრეების აგრესიული რიტორიკა და ქცევები არანაირად არ გულისხმობს საზოგადოებაში მიღებული ურთიერთობის წესების, აღიარებული ზნეობრივი ნორმებისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობების გააზრებასა თუ მათ შესაბამისად მოქმედებას.

უკანასკნელ ხანს, ზოგ წინამორბედთან ერთად, ამ მხრივ ზედმეტად აქტიურობს „ძლიერი საქართველო“, რომლის წარმომადგენლებიც (მაგალითად – ანა დოლიძე) თავს უფლებას აძლევენ, ჩვენს ჟურნალისტებს თავს დაესხან და თავხედურად მოექცნენ.

პოლიტიკურ მიზანთა ამორალური და კრიმინალთან მიახლოებული გზებით მიღწევა ნორმალური და დემოკრატიული საზოგადოების შესაფერისი არ არის.

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო აცხადებს:

არ არსებობს ძალა, რომელიც პირველი არხის ხელმძღვანელობასა და ჟურნალისტებს ძალით, დაშინებით ან პოლიტიკური ხრიკებითა თუ მანიპულაციებით დაადუმებს და სიმართლის ობიექტური, მიუკერძოებელი გამოხატვის გზიდან გადაიყვანს.

სამეურვეო საბჭო მიუღებლად მიიჩნევს პოლიტიკური ძალებისგან საზოგადოებრივი მაუწყებლობის მოქმედების დღის წესრიგში უაპელაციო და უხეში ჩარევის, მასზე პოლიტიკური ზემოქმედების სრულიად უპერსპექტივო მცდელობას და აცხადებს, რომ ბოლომდე დაიცავს საზოგადოებრივი მაუწყებლობის იდეას საქართველოში და მომავალშიც არცერთ ასეთ აგრესიულ და ნორმალური საზოგადოებისთვის მიუღებელ „გამოხტომებს“ შესაფერისი რეაგირების გარეშე არ დატოვებს.

საზოგადოებრივი მაუწყებელი ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვან საქმეს ყოველდღიურ რეჟიმში აკეთებს, იცავს იმ ღირებულებებს, რომლებზეც დგას დემოკრატიული საზოგადოება, მუდმივად ემსახურება ჩვენი ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესებს და მისი დაცვა და შეუფერხებელი მუშაობის ხელშეწყობა ყოველი მოქალაქის ვალდებულებაა.

ჩვენი თანადგომა და სრული მხარდაჭერა პირველ არხს – მის ხელმძღვანელობასა და ჟურნალისტებს!“ – აღნიშნულია საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს განცხადებაში.