ილია დარჩიაშვილმა დიეგო კოლასთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა
ილია დარჩიაშვილმა დიეგო კოლასთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან დიეგო კოლასთან. ინფორმაციას ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრისას მაღალი შეფასება მიეცა საქართველოსა და საფრანგეთს შორის ჩამოყალიბებულ სტრატეგიულ პარტნიორობას და ნაყოფიერ თანამშრომლობას, როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში.

„მინისტრმა მადლობა გადაუხადა ელჩს საქართველოსა და საფრანგეთის ურთიერთობების გაღრმავებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის. აღინიშნა, რომ დიდი მნიშვნელობა ენიჭება „დიმიტრი ამილახვარის სახელობის ქართულ-ფრანგულ სტრატეგიულ დიალოგს“, რომელიც საქართველოსა და საფრანგეთს შორის ორმხრივი ურთიერთობების მთავარ ასპექტებს მოიცავს და ქვეყნებს შორის თანამშრომლობის ხარისხსა და ინტენსივობას ასახავს. ხაზი გაესვა ორივე მხარის მზაობას დიალოგის მეორე რაუნდისთვის. მხარეებმა დადებითად შეაფასეს 6 ოქტომბერს, პრაღაში გამართული ევროპის პოლიტიკური გაერთიანების პირველი შეხვედრა. ილია დარჩიაშვილმა აღნიშნა, რომ ქართულმა მხარემ სიამოვნებით მიიღო მონაწილეობა საფრანგეთის პრეზიდენტის ინიციატივაში, რომელიც მოლაპარაკებების დამატებით პლატფორმას წარმოადგენს დიდი ევროპული ოჯახის წევრებისთვის.

ელჩმა, თავის მხრივ, მადლობა გადაუხადა მინისტრს ძალიან ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და ხაზი გაუსვა საფრანგეთსა და საქართველოს  შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთობებს. დიეგო კოლასმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საფრანგეთის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. საფრანგეთის ელჩმა აღნიშნა, რომ მისთვის განსაკუთრებული გამოცდილება იყო საქართველოში მოღვაწეობა და ის ძალზედ ოპტიმისტურად უყურებს მომავალში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების პერსპექტივას. შეხვედრის დასასრულს, მინისტრმა ელჩს წარმატება უსურვა მომავალ საქმიანობაში“, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.