საზოგადოებრივი მაუწყებელი მოუწოდებს საერთაშორისო ორგანიზაციებს, თვალი ადევნონ რიგი პოლიტიკური სუბიექტების განცხადებებს და დაიცვან დემოკრატიული ინსტიტუციები, სიტყვის თავისუფლება
საზოგადოებრივი მაუწყებელი მოუწოდებს საერთაშორისო ორგანიზაციებს, თვალი ადევნონ რიგი პოლიტიკური სუბიექტების განცხადებებს და დაიცვან დემოკრატიული ინსტიტუციები, სიტყვის თავისუფლება

საზოგადოებრივი მედიის მთავარ ფუნქციას მიუკერძოებელი და დაბალანსებული ინფორმაციის გავრცელება, კანონით ნაკისრი ვალდებულების შესრულება და საზოგადოების ინტერესის დაცვა წარმოადგენს. საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო პრინციპები ევროპული საზოგადოებრივი მედიის თითქმის საუკუნოვან გამოცდილებას ეფუძნება და არა სხვადასხვა პოლიტიკური ინტერესების ჯგუფების ლობირებას.

განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ის გარემოებაც, რომ დამოუკიდებელი საზოგადოებრივი მაუწყებლის, როგორც ინსტიტუტის, როლი და მნიშვნელობა,  ქვეყნის უზენაეს კანონში – საქართველოს კონსტიტუციაშია ასახული.

„ევროპამ უნდა დაიცვას თავისი თავისუფალი მედია, თუ მას უნდა დაიცვას დემოკრატია“, – ამ სიტყვებით შეჯამდა ევროპარლამენტში მოსმენები, თემაზე „დამოუკიდებელი საჯარო მომსახურების მედიის მნიშვნელობა დემოკრატიისთვის ევროპაში“. ასევე აღინიშნა, რომ „ევროკავშირის პრიორიტეტად უნდა იქცეს თავისუფალი მედიისა და დამოუკიდებელი საზოგადოებრივი მაუწყებლობის დაცვა“.

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკა თანხვედრაშია ქვეყნის ევროპულ კურსთან, სწორედ ამიტომ ეჭვს ბადებს რიგი საარჩევნო სუბიექტების განცხადებები, რომლებიც აღიქმება როგორც მედიაზე თავდასხმისა და ჟურნალისტებზე ზეწოლის მცდელობად.

საზოგადოებრივი მაუწყებელი მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ ძალას, განსაკუთრებით, წინასაარჩევნო პერიოდში, მაქსიმალური სიფრთხილით მოეკიდონ მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობას.

მაშინ, როდესაც ქვეყანაში შექმნილია პოლარიზებული გარემო, როგორც პოლიტიკურ, ასევე მედიასივრცეში, საზოგადოებრივი მაუწყებელი არის გამონაკლისი და ინარჩუნებს ნეიტრალურ პოზიციას. სწორედ ამ გარემოებების გათვალისწინებით, საზოგადოებრივი მაუწყებელი ეხმიანება საქართველოს პირველი არხის წინააღმდეგ მიზანმიმართულ კამპანიას და აუცილებლობად მიიჩნევს, მიმართოს საერთაშორისო ორგანიზაციებს და მოუწოდებს მათ, თვალი ადევნონ რიგი პოლიტიკური სუბიექტების შეფასებებს, მათ განცხადებებს და დაიცვან დემოკრატიული ინსტიტუციები და სიტყვის თავისუფლება.

მოცემული ღია წერილი ეგზავნება საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობებს საქართველოში, საელჩოებს, ევროპის მაუწყებელთა კავშირსა და სახალხო დამცველს.

დატოვე კომენტარი