„საზოგადოება და ბანკები“ - 185 300 მომხმარებელს რეფინანსირების განაკვეთზე მიბმულ სესხზე საპროცენტო განაკვეთი არ შეეცვლება
„საზოგადოება და ბანკები“ - 185 300 მომხმარებელს რეფინანსირების განაკვეთზე მიბმულ სესხზე საპროცენტო განაკვეთი არ შეეცვლება

„საზოგადოება და ბანკებმა“ ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები მიმოიხილა.

ორგანიზაციის ცნობით, 2022 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 185 300 სესხია გაცემული. მათი აბსოლუტური უმრავლესობა რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებით, რეფინანსირების განაკვეთი უცვლელი, 10.5% დარჩა. დღესდღეობით, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 8 699 მლნ ლარის მოცულობის სესხია გაცემული.

„პირველი დეკემრიდან პირველ იანვრამდე, ცვლად საპროცენტო განაკვეთში გაცემული სესხების რაოდენობა გაზრდილია 8 200 ხელშეკრულებით, ხოლო მთლიანი პორტფელი – 8 450.1 მილიონიდან 8699.1 მილიონ ლარამდე გაიზარდა.

185 300 ხელშეკრულებიდან 79 700 სამომხმარებლო ტიპის სესხია, მოცულობა კი 1 153.7 მილიონი ლარი. ლარში გაცემული სამომხმარებლო სესხების საშუალო შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა პირველი იანვრის მდგომარეობთ, 15.57% შეადგინა.

რაოდენობრივად მეორე ადგილზეა უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხები. რეფინანსირების განაკვეთზე პირველი იანვრის მონაცემებით, 66 500 სესხია მიბმული, საშუალოდ 12.62%-ში. მთლიანი პორტფელი კი 2 929.2 მილიონი ლარია.

35 300 ხელშეკრულებაა გაფორმებული ბიზნეს სესხების გასაცემად, რაც პირველ დეკემბერთან შედარებით 900-ით მეტია. მთლიანი პორტფელი 4 496.5 მილიონი ლარია. აქედან მცირე და საშუალო ბიზნესის დასაფინანსებლად ბანკებმა 1 189.7 მილიონი ლარი გასცეს, საშუალოდ 14.93%-ში. ხოლო მსხვილი ბიზნესი კი პირველი იანვრის მონაცემებით 3 309.5 მილიონი ლარით დააკრედიტეს, საშუალო შეწონილ 14.35%-ში.

ყველაზე მცირე რაოდენობით გაცემულია რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული ავტოსესხი. სულ პირველი იანვრის მონაცემებით, 600 ხელშეკრულებაა გაფორმებული. 16.2 მლნ ლარი ბანკებმა საშუალოდ 22.93%-ში გაასესხეს.

ასევე, გაცემულია 3 000 ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხი, რომელთა კონკრეტული მიზნობრიობა უცნობია. ამ სესხების მთლიანი მოცულობა 91.4 მილიონი ლარია.

პირველი იანვრის მდგომარეობით, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები ლარში გაცემული მთლიანი საკრედიტო პორტფელის 41.1%-ია. მათ შორის ყველაზე მაღალი საპროცენტო განაკვეთი სამომხმარებლო სესხზე – 24.92%.

პირველი იანვრის მდგომარეობით, გაზრდილია როგორც სასესხო პორტფელი, ისე ხელშეკრულებების რაოდენობა. გაზრდილია საპროცენტო განაკვეთი უძრავი ქონებით უზრუნველყოფილ სესხებზე 10.90% -დან 11.56%-მდე“, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2022 წლის 2 თებერვალს რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.