ლადო პაპავა - რეფინანსირების განაკვეთის შენარჩუნებას ერთმნიშვნელოვნად ვუჭერ მხარს, ქვეყანა საგარეო შოკებისგან დაცული უნდა იყოს
ლადო პაპავა - რეფინანსირების განაკვეთის შენარჩუნებას ერთმნიშვნელოვნად ვუჭერ მხარს, ქვეყანა საგარეო შოკებისგან დაცული უნდა იყოს

რეფინანსირების განაკვეთის იმავე დონეზე შენარჩუნებას ერთმნიშვნელოვნად ვუჭერ მხარს, რადგანაც განუზღვრელობა არის ძალიან დიდი და როცა არ იცი, რა საფრთხეებია მოსალოდნელი, სჯობს, იმოქმედო ფრთხილად, – ამის შესახებ აკადემიკოსმა, ლადო პაპავამ განაცხადა.

პაპავას თქმით, ორი ომის პირობებში რთულია პროგნოზების გაკეთება.

„სებ-ის ხელმძღვანელობის ეს გადაწყვეტილება აბსოლუტურად სწორია და შევეცდები, ავხსნა რატომ: დღეს ძალიან დიდია გაურკვევლობა მთელ მსოფლიოში ბევრი ფაქტორის ერთობლიობის გამო და განსაკუთრებით აღსანიშნავია ის, რომ ერთდროულად მიმდინარეობს ორი ომი. ერთი ომია, რომელსაც რუსეთი აწარმოებს უკრაინაში და მეორეა ის საომარი მოქმედებები, რომელიც მიმდინარეობს ისრაელის ტერიტორიაზე, ღაზის სექტორში. ამიტომ ეს დაძაბულობა ქმნის განუზღვრელობას. ამას ემატება ის, რომ ნავთობპროდუქტებზე ფასი მატულობს და ასეთ ვითარებაში პროგნოზის გაკეთება, რამდენად შენარჩუნდება სტაბილურობა და რამდენად იქნება უკეთესი გარემო, რომ საგარეო შოკებიდან დაცული იყოს ქვეყანა, ასეთი პროგნოზის გაკეთება პრაქტიკულად შეუძლებელია. ყველაზე სწორი გადაწყვეტილებაა, რომ სტატუს კვო შეინარჩუნო. ამიტომ რეფინანსირების არშეცვლას ვუჭერ მხარს ერთმნიშვნელოვნად, რადგანაც განუზღვრელობა არის ძალიან დიდი და როცა არ იცი, რა საფრთხეებია მოსალოდნელი, სჯობს, იმოქმედო ფრთხილად“, – აცხადებს ლადო პაპავა.

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2023 წლის 25 ოქტომბერს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის (რეფინანსირების განაკვეთი) უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 10 პროცენტს შეადგენს.