ნათია თურნავა - რეფინანსირების განაკვეთის შემცირებით 200 000-მდე სესხის საპროცენტო განაკვეთი შემცირდება, არ აქვს მნიშვნელობა, რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული თუ TIBR-ის ინდექსზე
ნათია თურნავა - რეფინანსირების განაკვეთის შემცირებით 200 000-მდე სესხის საპროცენტო განაკვეთი შემცირდება, არ აქვს მნიშვნელობა, რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული თუ TIBR-ის ინდექსზე

TIBR-ის ინდექსი მთლიანად რეფინანსირების განაკვეთიდან ყალიბდება, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

თურნავას განმარტებით, ცვლად განაკვეთიან სესხებში TIBR-ის ინდექსზე გადასვლის პროცესი 2022 წლიდანაა დაწყებული და ის ეტაპობრივად მიმდინარეობს, თუმცა მარეგულირებელმა კომერციული ბანკებისთვის ამ მიმართულებით ცვლილებების გასატარებლად უფრო მეტი დროის მიცემის გადაწყვეტილება მიიღო, რათა სექტორმა უფრო სრულფასოვნად შეძლოს მომხმარებლების ინფორმირება TIBR-ის ინდექსის შინაარსის თაობაზე.

„რეფინანსირების განაკვეთის შემცირება გამოიწვევს საქართველოში, დაახლოებით, 200 000 ცვლადგანაკვეთიანი სესხის საპროცენტო განაკვეთის გარდაუვალ შემცირებას. არ აქვს მნიშვნელობა, ეს არის მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის რეფინანსირებაზე თუ TIBR-ის ინდექსზე მიბმული. TIBR-ის განაკვეთი ფეხდაფეხ მიჰყვება რეფინანსირების განაკვეთს. ანუ, მცირდება რეფინანსირების განაკვეთი, ასევე ადეკვატურად მცირდება TIBR-ის ინდექსი. TIBR-ის ინდექსზე გადასვლა დაწყებულია, ზოგადად, 2008 წლიდან, თუმცა 2022 წელს ეროვნულმა ბანკმაც მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება და მას შემდეგ ეს ეტაპობრივად მიმდინარეობს. მათ შორის, ჩვენ ახლახან მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეს პროცესი უფრო მშვიდად წარიმართოს და, კითხვის შემთხვევაში, მომხმარებლებისთვის შეძლონ უფრო უკეთ ახსნა, რას ნიშნავს TIBR-ის ინდექსი და რით განსხვავდება ის რეფინანსირების განაკვეთისგან.

TIBR-ის ინდექსი მთლიანად გამომდინარეობს რეფინანსირების განაკვეთიდან. რეფინანსირების განაკვეთი არის რეფინანსირების სესხების ფასი, რომელსაც ეროვნული ბანკი, საჭიროების შემთხვევაში, კომერციულ ბანკებზე გასცემს. შემდეგ უკვე TIBR-ი ყალიბდება ბაზარზე და ამ რესურსის ფასი, ეს არის ჩვენი რეფინანსირების განაკვეთი, ამიტომ არ შეიძლება, აქ იყოს რაღაც აცდენა. შესაძლებელია, რაღაც პერიოდში TIBR-ი იყოს ჩვენს განაკვეთზე პროცენტის მეასედით დაბალი ან მაღალი, მაგრამ მთლიანობაში, საშუალოვადიან პერიოდში ეს განაკვეთი რეფინანსირების განაკვეთის იდენტური მაჩვენებელი იქნება.

პრინციპში, რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული სესხები არის არქაული პრაქტიკა და ევროპაშიც და ამერიკაშიც ბანკთაშორისი სესხების განაკვეთზეა მიბმული. მაგალითად, LIBOR-ი, მაგალითად, SOFR-ი და ჩვენც თანდათან აქეთკენ ვისწრაფვით. ეს არამც და არამც არ გამოიწვევს რაიმე დისკომფორტს მსესხებლისთვის ან განაკვეთის აცდენას ჩვენი რეფინანსირების განაკვეთისგან. როდესაც ვამბობთ, რომ ვაკეთებთ რეფინანსირების განაკვეთის შემცირებას და მონეტარული პოლიტიკის შერბილებას, ეს ნიშნავს, რომ ლარის სესხები აუცილებლად გაიაფდება“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

ეროვნულ ბანკში განმარტავენ, რომ TIBR-იც საბაზრო განაკვეთებით დათვლილი ინდექსია, რომელიც უფრო ზუსტად ასახავს საბაზრო განაკვეთების დინამიკას. ამასთან, მარეგულირებელში აღნიშნავენ, რომ რეფინანსირების განაკვეთის როლი და ფუნქცია არ შეცვლილა. ის კვლავინდებურად მოახდენს გავლენას სესხების საპროცენტო განაკვეთებზე.

კომეცრიული სექტორის ნაწილმა TIBR-ის ინდექსი უკვე დანერგა, შესაბამისად, დაახლოებით მილიარდი ლარის პორტფელზე საპროცენტო განაკვეთები ახალი სისტემით ანგარიშდება.