სავარაუდო ეგზომთვარე მზის სისტემის მთვარეებისგან სრულიად განსხვავდება
მაქს პლანკის მზის სისტემის კვლევის ინსტიტუტის კოსმოსურმა მეცნიერმა რენე ჰელერმა, რეცენზირებამდელ სერვერ arXiv-ზე ატვირთა პირველადი კვლევა, რომელიც ჯერ კიდევ დაუდასტურებელ ეგზომთვარე 1625 b-I-ს ეხება. მისი ვარაუდით, თუკი ეს მთვარე მართლაც არსებობს, სავარაუდოდ იგი განსხვავდება მზის სისტემაში არსებული ნებისმიერი მთვარისგან, რაც გვაფიქრებინებს, რომ მთვარეთა წარმოშობის შესახებ არსებული თეორიები შესაძლოა განივრცოს.
2017 წლის ივლისში, კოლუმბიის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა ალექს ტიჩისა და დევიდ კიპინგის ხელმძღვანელობით, განაცხადეს, რომ სავარაუდოდ იპოვეს მზის სისტემის გარეთ არსებულ ერთ-ერთი პლანეტის გარშემო მოძრავი მთვარე. თუკი დადგინდა, რომ ეს მთვარე მართლაც არსებობს, ეს იქნება ამ სახის ობიექტის აღმოჩენის პირველი შემთხვევა. ახალმა ამბავმა შესაძლო ეგზომთვარის შესახებ, მრავალ სპეკულაციას დაუდო საფუძველი.
თავის ნაშრომში, ჰელერი აღწერს კეპლერის კოსმოსური ტელესკოპის მონაცემებზე დაყრდნობით ჩატარებულ კვლევას, რომელიც ეგზომთვარის შესაძლო არსებობაზე მიუთითებს. როგორც იგი შენიშნავს, მონაცემები საკმარისად ძლიერი არაა იმისათვის, რათა მთვარის ზომამდე დავიდეს; ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ ამ სხეულის ზომა დედამიწასა და სატურნს შორის უნდა მერყეობდეს. მკვლევარი არ ამბობს, რომ მონაცემები ეზგომთვარის არსებობას ამტკიცებს, მაგრამ საკმაოდ თამამად გვთავაზობს მის ზომას, თუკი ის მართლაც არსებობს — დაახლოებით ნეპტუნის ზომის.
რა თქმა უნდა, ამ ზომის მთვარე მზის სისტემაში არ არსებობს; ეს კი გვაფიქრებინებს, რომ თუკი სადმე, სხვა სისტემაში ამ ზომის მთვარე მართლაც არსებობს, სავარაუდოდ, იგი წარმოქმნილი უნდა იყოს ისეთი გზით, რომელსაც ვერ აღწერს მთვარეთა წარმოქმნის შესახებ ამჟამად არსებული სამი ძირითადი თეორია — პლანეტაზე სხვა სხეულის დაცემა, პლანეტის ორბიტაზე მოძრავ მასალათა ასიმილაცია ან ჩამვლელი ობიექტის დაჭერა პლანეტის გრავიტაციის მიერ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თუკი დადასტურდა ეგზომთვარის არსებობა, დადგინდა მისი ზომა და შემადგენლობა — მეცნიერებს შორის ნამდვილი მარათონი დაიწყება ამ მთვარის არსებობის ამხსნელი თეორიის მოსაძებნად.
რამდენიმე დღეში, ამ ვარსკვკლავური სისტემისკენ თავის ყოვლისშემძლე მზერას მიაპყრობს ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპი, რომელიც ალბათ საბოლოოს დაადსტურებს ეგზომთვარის არსებობას ან არარსებობას.
პოტენციური ეგზომთვარის აღმოჩენა NASA-ს კეპლერის კოსმოსური ტელესკოპის სიმძლავრის წყალობით მოხერხდა. შედეგად, შესაძლოა ბევრი რამ ვისწავლოთ პლანეტების, მთვარეებისა და ვარსკვლავური სისტემების წარმოქმნის შესახებ.
აღსანიშნავია, რომ პოტენციურმა ეგზომთვარემ უკვე გაიარა პირველადი ტესტები — კარგად გამოჩნდა სამი ჩაბნელება ვარსკვლავის შუქში — ერთ-ერთი აშკარა ნიშანი იმისა, რომ იქ რაღაც მნიშვნელოვანი ხდება. მას უკვე სახელიც შეურჩიეს კეპლერ-1625b I.
ეგზომთვარეობის კანდიდატი დედამიწიდან დაახლოებით 4000 სინათლის წლის მანძილზე მდებარე ვარსკვლავის გარშემო დაფიქსირდა და სავარაუდოდ, იგი ნეპტუნის ზომისაა.
პლანეტა Kepler-1625b, რომლის გარშემოც ის მოძრაობს, დაახლოებით იუპიტერის ზომისაა. ამჟამინდელი ჰიპოთეზის მიხედვით, ოდესღაც, Kepler-1625b-ის გრავიტაციამ მთვარე Kepler-1625 I ჩაიჭირა და თავის ორბიტაზე მოძრაობა დააწყებინა.
მომზადებულია phys.org-ის მიხედვით