სატურნის რგოლებიდან უცნაური ქიმიური კოქტეილი „წვიმს“ - მოულოდნელი აღმოჩენა
ერთი წლის წინ, სატურნის მძვინვარე გულში სამუდამოდ ჩაშვებამდე ერთი კვირით ადრე, ხომალდმა „კასინიმ“ მოახერხა რაღაც ისეთი, რაც მანამდე არც ერთ სხვა ხომალდს არ ჰქონდა გაკეთებული. მან პლანეტასა და მის სახელგანთქმულ რგოლებს შორის გაიქროლა. გზადაგზა, მონაცემებს ხომალდის ხელსაწყოები უკანასკნელ წუთამდე აგროვებდა.
მკვლევართა თქმით, ამ ფინალური ორბიტების შესრულებისას, ხომალდი სატურნის ყველაზე შიდა, D რგოლისგან მომდინარე მძიმე წვიმაში „ბანაობდა“. როგორც ჩანს, ეს რგოლი ტყორცნის ქიმიური კოქტეილისგან შედგენილ მტვრის მარცვლებს, რომლებიც საოცარი ქიმიური კომპლექსურობით გამოირჩევა.
დროთა განმავლობაში, ამ ნივთიერებებმა შესაძლოა, სატურნის ატმოსფეროში შეცვალოს ნახშირბადისა და ჟანგბადის შემცველობა.
კანზასის უნივერსიტეტის ასტრონომისა და ფიზიკოსის, თომას კრავენსის განცხადებით, ეს სრულიად ახალი ელემენტია ჩვენი მზის სისტემის მუშაობასთან დაკავშირებით.
კრავენსის თქმით, ის ყველაზე მეტად ორმა რამემ გააოცა. პირველი — რგოლებიდან მომდინარე მასალების ქიმიურმა კომპლექსურობამ, რადგან მანამდე მიიჩნეოდა, რომ ის ძირითადად წყლისგან შედგებოდა. მეორე — მისი რაოდენობა იმაზე ბევრად მეტია, ვიდრე აქამდე ფიქრობდნენ.
წინა კვლევებზე დაყრდნობით, რგოლების გარკვეული წვიმა ისედაც მოსალოდნელი იყო, რისთვისაც „კასინი“ წინასწარ მოამზადეს. მოფარფატე ნაშალი მასალისგან თავის დასაცავად, ზონდი თავის რადიოანტენას ქოლგასავით იყენებდა.
ამის შემდეგ, ზონდმა წვიმის ქიმიური ანალიზისათვის ნეიტრალური მას-სპექტრომეტრი (INMS) გამოიყენა.
კოსმოსქიმიკოს კელი მილერის განცხადებით, როგორც მოსალოდნელი იყო, გამოვლინდა მოლეკულური წყალბადი, მაგრამ გაირკვა, რომ რგოლებიდან მომდინარე წვიმა ასევე შეიცავდა დიდი ოდენობით წყალს, ისევე როგორც ბუტანისა და პროპანის მოლეკულებს.
გარდა ამისა, მკვლევრებმა ასევე აღმოაჩინეს მეთანი, ამიაკი, ნახშირბადის მონოქსიდი, მოლეკულური აზოტი და ნახშირორჟანგი.
კრავენსის თქმით, მეთანისა და ნახშირორჟანგის პოვნა სრულიად მოულოდნელი იყო, რადგან მკვლევრები ძირითადად, გაცილებით მეტ წყლის ყინულს ელოდნენ.
აღსანიშნავია, რომ ამ მოლეკულათა შემადგენლობა განსხვავდებოდა სატურნის მთვარე ენცელადსა და ტიტანზე აღმოჩენილი ორგანული ნივთიერებებისგან.
მეორე კვლევის ფარგლებში, კასინის მტვრის ანალიზატორმა დაიჭირა და შეისწავლა მტვრის 2700 ნაწილაკი. როგორც გაირკვა, მიუხედავად იმისა, რომ მასალათა უმეტეს ნაწილს (95%) წყლის ყინული შეადგენდა, ის ასევე შეიცავდა გარკვეული ოდენობის სილიკატებს — მოლეკულებს, რომლებისგანაც ქანებია აგებული.
მკვლევრებმა ასევე აღმოაჩინეს, რომ D რგოლი გაცილებით სწრაფად ბრუნავს, ვიდრე პლანეტის ატმოსფერო და სატურნისკენ ისვრის წამში 10 000 კილოგრამის ოდენობის ზემოთ აღნიშნულ ნივთიერებებს.
ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ D რგოლს მასალით როგორღაც ხელახლა ავსებს მის უკან მდებარე C რგოლი. გარდა ამისა, D რგოლი მნიშვნელოვან როლს ასრულებს პლანეტის იონსფეროსა და ატმოსფეროს შემადგენლობაში.
აღმოჩენა მეცნიერებს პლანეტური რგოლების უკეთ შესწავლაში დაეხმარება. ასევე ნათელს მოჰფენს მათ ხანგრძლივობას, რადგან ცნობილია, რომ ისინი სამუდამოდ ვერ იარსებებენ.
სატურნსა და მის რგოლებს შორის განხორციელებული 22 ჩაშვებისას, ხომალდმა „კასინიმ“ ასევე აღმოაჩინა მანამდე უცნობი რადიაციული სარტყელი სატურნსა და თავის რგოლებს შორის. გარდა ამისა, ელექტრული დენი, რომელიც D რგოლსა და სატურნის ატმოსფეროს შორის არსებულ მაგნიტური ველების გასწვრივ ვრცელდება.
კვლევა ჟურნალ Science-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია news.ku.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.