სატურნს შესაძლოა, რგოლები ყოველთვის არ ჰქონდა. ახალი კვლევის მიხედვით, ისინი სავარაუდოდ, დინოზავრების ასაკის ან უფრო ახალგაზრდაა.
სატურნის რგოლების ასაკი დიდი ხანია, საკამათოა. ზოგიერთი მკვლევრის აზრით, ეს სახელგანთქმული მახასიათებლები დაახლოებით 4,5 მილიარდი წლის წინ, პლანეტასთან ერთად დაიბადა, მზის სისტემის ფორმაციის შემდეგ დარჩენილი, ორბიტაზე მოძრავი ყინულის ნარჩენებისგან. ერთი ნაწილის აზრით კი, რგოლები ძალიან ახალგაზრდაა და წარმოქმნილია სატურნის გრავიტაციის მიერ რომელიმე კომეტის ან ყინულოვანი მთვარის განადგურების შედეგად.
ამ საიდუმლოს ამოხსნის ერთ-ერთი გზა რგოლების მასის დადგენაა. თავდაპირველად, რგოლები კაშკაშა ყინულისგან წარმოიქმნა, მაგრამ დროთა განმავლობაში დაბინძურდა და გამუქდა მზის სისტემის შორეულ მისადგომებში არსებული ნარჩენებით. რამდენიმე წლის წინ, სატურნთან გაგზავნილმა NASA-ს ხომალდმა „კასინიმ“ დაადგინა, რომ რგოლები მინარევებით მხოლოდ 1 პროცენტით არის გასვრილი.
კვლევის ავტორის, ლუჩიანო ლესის განცხადებით, თუ მეცნიერები სატურნის რგოლებს აწონიდნენ, გაიგებდნენ დროის იმ ხანგრძლივობასაც, რაც მათ 1 პროცენტისთვის საკმარისი დამაბინძურებლის აკუმულირებისთვის დასჭირდებოდათ და შესაბამისად, ადვილი იქნებოდა მათი ასაკის გამოანგარიშებაც.
ლესმა და მისმა კოლეგებმა „კასინის“ მონაცემები დაამუშავეს. სანამ ხომალდი 2017 წლის სექტემბერში სატურნის ატმოსფეროში ჩაეშვებოდა და დაიწვებოდა, რამდენჯერმე გაიარა პლანეტასა და მის რგოლებს შორის. სხეულის გრავიტაცია დამოკიდებულია მის მასაზე. ამის გარკვევით, რამდენად იზიდავდა „კასინის“ მისიის ფინალური ფაზის დროს ერთი მხრიდან სატურნი, მეორე მხრიდან კი მისი რგოლები, ჯგუფმა განსაზღვრა როგორც სატურნის, ისე რგოლების გრავიტაცია და მასა.
პლანეტასა და რგოლებს შორის, სატურნის ღრუბლებიდან 2 600 to 3 900 კმ სიმაღლეზე ექვსჯერ გავლის დროს, მეცნიერები აკვირდებოდნენ რადიოკავშირს „კასინისა“ და დედამიწას შორის. ზუსტად ისე, როგორც სასწრაფო მანქანის სირენის ხმა უფრო ხმამაღლა ისმის, როცა მანქანა შენკენ მოდის, პირიქით მოძრაობისას კი სუსტად, ასეა რადიოსიგნალებიც — მათი ტალღის სიგრძე უფრო გრძელია, როცა წყარო დედამიწას შორდება, მისი მიმართულებით მოძრაობისას კი მოკლე. ამ ფენომენს დოპლერის ეფექტს უწოდებენ.
ლესის თქმით, საოცარია, მაგრამ მათ შეძლეს და გაზომეს დედამიწიდან 1,3 მილიარდი კილომეტრის მანძილზე მყოფი ხომალდის სიჩქარე ლოკოკინას სიჩქარის თითქმის მეათასედის სიზუსტით — მილიმეტრის რამდენიმე მეასედი წამში.
სატურნის თავზე ხომალდ Voyager-ის გადაფრენისას შეგროვებული მონაცემები მიუთითებდა, რომ რგოლების მასა 28 მილიარდი ტონა უნდა ყოფილიყო. „კასინის“ ახალი მონაცემების თანახმად კი, რგოლების მასა მხოლოდ 15,4 მილიარდი ტონაა. შედარებისთვის გეტყვით, რომ ჯუჯა პლანეტა ცერერას მასა 939 მილიონი მილიარდი ტონაა.
საბოლოო ჯამში, მკვლევრები მივიდნენ დასკვნამდე, რომ რგოლები მინიმუმ 10 და მაქსიმუმ 100 მილიონი წლის წინ წარმოიქმნა. შედარებისათვის — დინოზავრები დედამიწაზე 66 მილიონი წლის წინ გადაშენდნენ.
კასინის „დიდმა ფინალმა“ ასევე გამოავლინა საკვანძო დეტალები სატურნის შიდა სტრუქტურის შესახებ. მაგალითად, აღმოაჩინა, რომ სატურნის ეკვატორის გარშემო არსებული ჭავლური ნაკადები, რომლებიც უძლიერესია მზის სისტემაში და მათი სიჩქარე 1500 კმ/სთ-ს აღწევს — 9000 კმ სიღრმემდე ივრცობა და პლანეტის გარშემო კოლოსალური ოდენობის მასას მის ქვეშ არსებულ ფენაზე 4 პროცენტით სწრაფად აბრუნებს.
ახალი აღმოჩენები ასევე მიუთითებს, რომ სატურნის ბირთვი კლდოვანია და მისი მასა დედამიწისას 15-18-ჯერ აღემატება.
მომზადებულია space.com-ის მიხედვით.