მეცნიერებმა დაადგინეს, რომ არსებობს კავშირი დანიის წყალმომარაგების სისტემაში ლითიუმის დონესა და მოგვიანებით ბავშვებში აუტიზმის დიაგნოზის შანსის ზრდას შორის.
მიუხედავად იმისა, რომ 52 706 ბავშვის კვლევა საკმარისი არ არის იმის დასამტკიცებლად, რომ ლითიუმი აუტიზმის პირდაპირი გამომწვევია, ამის თუნდაც შესაძლებლობა, ნამდვილად იმსახურებს შემდეგ კვლევებს.
ლითიუმი ბუნებრივი ელემენტია, რომელსაც ხშირად იყენებენ განწყობის დარღვევათა სამკურნალო საშუალებად. წინა კვლევების მიხედვით, ის დაკავშირებულია ნაყოფის მოწყვეტასთან და ახალშობილებში გულის არასწორ განვითარებასთან. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ლითიუმი აუტიზმის სპექტრის აშლილობასთანაც დააკავშირეს.
„შემთხვევათა კონტროლის ეს კვლევა დანიაში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა. ჯგუფმა დაადგინა, რომ სასმელ წყალში მაღალი შემცველობით ლითიუმის არსებობა ორსულობის დროს დედაზე ზემოქმედებს — დაკავშირებულია ნაყოფში აუტიზმის სპექტრული აშლილობის რისკის ზომიერ ზრდასთან. ასეთმა დასკვნებმა რელევანტურობა მას შემდეგაც შეინარჩუნა, რაც რამდენიმე შესწავლილ უბანში შევცვალეთ სოციოეკონომიკური და ჰაერის დაბინძურების ცვლადები“, — წერენ მკვლევრები.
როგორც წესი, ლითიუმი სასმელ წყალში მიწისქვეშა მინერალების გამორეცხვის შედეგად ხვდება. სხვა ქვეყნებთან შედარებით, დანიის სასმელ წყალში ამ მინერალის დონე ზომიერად დაბალია.
2000-2013 წლებში აუტიზმის სპექტრის აშლილობის დიაგნოზით თუ მის გარეშე დაბადებულ ბავშვთა იდენტიფიცირებისთვის, მკვლევრებმა პაციენტთა მონაცემთა ბაზა და სამოქალაქო რეესტრის ინფორმაცია გამოიყენეს, საზოგადოებრივი წყალმომარაგების 151 სხვადასხვა სადგურის დაფარვის ზონიდან (რაც ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით ნახევარს ამარაგებს წყლით).
წყალში ლითიუმის კონცენტრაცია ოთხ თანაბარ ნაწილად დაყვეს და თითოეულ ნაწილში განსაზღვრეს ბავშვის დაბადებამდე ლითიუმის ზემოქმედება. მეორე და მესამე ნაწილში არსებული დონე დაკავშირებული აღმოჩნდა აუტიზმის დიაგნოზის რისკის 24-26 პროცენტით ზრდასთან, თუ შევადარებთ ყველაზე დაბალ ნაწილს. უმაღლეს ნაწილში, რისკის დონე 46 პროცენტით მაღალი იყო.
კვლევაში მონაწილე აუტიზმის დიაგნოზის მქონე 8842 ადამიანს შორის, 2850 ისეთი ზონებიდან იყო, სადაც ლითიუმის დონე სასმელ წყალში უმაღლესი იყო, 1718-ის საცხოვრებელ ზონაში კი ყველაზე დაბალი.
კავშირი ასეთივე აღმოჩნდა მაშინაც, როდესაც მკვლევრებმა აუტიზმის ცალკეული ქვეტიპები განიხილეს. ამას გარდა, კავშირი ლითიუმსა და აუტიზმს შორის ოდნავ ძლიერი იყო ურბანულ ზონებში მცხოვრებლებში, ვიდრე სოფლებისა და პატარა ქალაქების მოსახლეობაში. ჯგუფმა კვლევაში საკონტროლო ცვლადებად შეიტანა გარკვეული სოციოეკონომიკური ფაქტორები და ჰაერის დაბინძურება.
„მომავალში, წყალში შეიძლება კიდევ უფრო გავრცელდეს ანთროპოგენური წარმოშობის ლითიუმის წყაროები, რადგან სულ უფრო იმატებს ლითიუმის ბატარეების გამოყენება, რომლებიც შემდეგ ნაგავსაყრელებზე ხვდება, საიდანაც პოტენციურად შეიძლება მოხდეს მიწისქვეშა წყლების დაბინძურება“, — ამბობს ლოს-ანჯელესის კალიფორნიის უნივერსიტეტის ნეიროლოგი და ეპიდემიოლოგი ბიტ რიცი.
ცნობილია, რომ ლითიუმს შეუძლია გაიაროს პლაცენტა და ემბრიონის ჰემატოენცეფალური ბარიერი; უკვე ჩატარებულია კვლევები იმის შესახებ, რომ არის შანსი, უკვე იქ, ლითიუმმა გავლენა მოახდინოს ჩამოყალიბების პროცესში მყოფი ტვინის გარკვეულ სიგნალებსა და გზებზე.
თუმცა, სურათი არც ისე მარტივია: ლითიუმს ფართოდ იყენებენ განწყობის დასაბალანსებელ საშუალებად ბიპოლარიული აშლილობისა და დეპრესიის მქონე ადამიანებში. ზოგიერთი კვლევით, სასმელ წყალში ლითიუმის მაღალი დონე ასევე დაკავშირებული აღმოჩნდა სუიციდის დაბალ მაჩვენებელთან, რამაც გააძლიერა არგუმენტები, რომ ეს ელემენტი სასმელ წყალს ხელოვნურად უნდა დაემატოს.
კვლევების თანმხლები შეზღუდვების დასაძლევად, რათა უფრო გარკვევით დადგინდეს ასეთი კავშირები, კიდევ უფრო მეტი კვლევაა საჭირო. მომავალში, მკვლევრებმა შეიძლება ასევე გაითვალისწინონ ისეთი ფაქტორები, როგორებიც არის წყლის მოხმარება და ზემოქმედების შესაფასებლად მხოლოდ ადგილობრივი სასმელი წყლის წყაროს აღარ დაეყრდნონ.
„სასმელი წყლის ყოველგვარი ისეთი დაბინძურება, რომელიც გავლენას ახდენს ადამიანის თავის ტვინის განვითარებაზე, მკაცრ შესწავლას იმსახურებს. ჩვენი კვლევის შედეგები ეფუძნება მაღალი ხარისხის დანიურ მონაცემებს, მაგრამ საჭიროა, ასეთი კვლევა სხვა პოპულაციებზე, მსოფლიოს სხვა ნაწილებშიც ჩატარდეს“, – ამბობს რიცი.
კვლევა ჟურნალ JAMA Pediatrics-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია uclahealth.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.