სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის თანამდებობრივი სარგო 6 250 ლარს შეადგენს, პირველი მოადგილე 4 920 ლარს მიიღებს, მოადგილე კი 4 540 ლარს. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსა და პენიტენციური დაწესებულებების მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების თაობაზე ბრძანება მინისტრმა კახა კახიშვილმა გამოსცა.
დოკუმენტი დღეს საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა. მასში აღნიშნულია, რომ ეს ბრძანება ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდება 2018 წლის პირველი იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
ერთნაირი ანაზღაურება აქვთ მინისტრის თანაშემწესა და მისი მოადგილეების თანაშემწეებს. მათი თანამდებობრივი სარგო 1900 ლარს შეადგენს. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსა და პენიტენციური დაწესებულებების მოსამსახურეთაგან ყველაზე მცირე ხელფასი ყარაულს (600 ლარი) და დიასახლისს (675 ლარი) აქვთ.
მინისტრის ბრძანებაში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის საყაზარმე პირობებში მყოფი სავალდებულო სამხედრო მოსამსახურის ფულადი სარგო განისაზღვრება თვეში 7 (შვიდი) ლარის ოდენობით, ხოლო არასაყაზარმე პირობებში მყოფი სავალდებულო სამხედრო მოსამსახურის ფულადი სარგო განისაზღვრება თვეში 66 (სამოცდაექვსი) ლარის ოდენობით.