კახა კახიშვილი - დარწმუნებული ვარ, ამ ქვეყანაში ვიქნები თქვენთან ერთად და ნებისმიერი პოზიციიდან ვიზრუნებ ქვეყნის განვითარებაზე
კახა კახიშვილი - დარწმუნებული ვარ, ამ ქვეყანაში ვიქნები თქვენთან ერთად და ნებისმიერი პოზიციიდან ვიზრუნებ ქვეყნის განვითარებაზე

შემიძლია გითხრათ, რომ სასჯელაღსრულების სამინისტროს ცალკე არსებობის აუცილებლობა დღეს არ არის, მით უმეტს, ევროპის ქვეყნებში სასჯელაღსრულების სამინისტრო არის ან იუსტიციის სამინისტროს, ან შსს-ს დაქვემდებარებაში, – ამის შესახებ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც კახა კახიშვილმა აღნიშნა, სასჯელაღსრულების სამინისტრო გადავა იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში და თანამშრომლებს პრობლემები არ შეექმნებათ.

„ყოველთვის ვამბობდი, რომ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო არსად ცალკე სამინისტროდ არ არის. იყო პრობლემა, როცა 2008 წელს პროკურატურა შეუერთდა აღმასრულებელ ხელისუფლებას, მაშინ გაჩნდა ინტერესთა კონფლიქტი. არ შეიძლებოდა, რომ დევნის ორგანო და სასჯელის აღსრულების ორგანო ყოფილიყო ერთი ხელმძღვანელის ქვეშ. აქედან გამომდინარე, გამოეყო და შეიქმნა ეს სამინისტრო. დღეს უკვე ფაქტობრივად შემიძლია გითხრათ, რომ დიდი აუცილებლობა ამ სამინისტროს ცალკე არსებობის არ იყო, მით უმეტს, ევროპის ქვეყნებში სასჯელაღსრულების სამინისტრო არის ან იუსტიციის სამინისტროს, ან შსს-ს დაქვემდებარებაში. თუმცა ეს არის უდიდესი სისტემა , აქ მუშაობს ძალიან ბევრი ადამიანი, აქ ხდება ყოველდღიურად დაახლოებით 10 000-მდე ადამიანზე ზრუნვა უფლებების და ასევე სარეჟიმო პირობების კუთხით. ვფიქრობ, რომ ის ჩვეულებრივად გადავა იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში და დარწმუნებული ვარ, რომ არც ერთ თანამშრომელს პრობლემა არ შეექმნება, არც პატიმრებს და გაგრძელდება იმ რეფორმების კურსი, რაც დაწყებული იყო”, – განაცხადა კახიშვილმა.

კითხვაზე, იქნება თუ არა თავად ახალ მინისტრთა კაბინეტში, კახა კახიშვილი აცხადებს, რომ ნებისმიერი პოზიციიდან,  ქვეყნის განვითარებაზე იზრუნებს.

„სიმართლე რომ გითხრათ, ამაში დიდ პრობლემას ვერ ვხედავ. დარწმუნებული ვარ, რომ ამ ქვეყანაში ვიქნები თქვენთან ერთად და ნებისმიერი პოზიციიდან, რა პიზიციაც არ უნდა იყოს, ვიზრუნებ ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე”, – განაცხადა კახა კახიშვილმა.