ტერორიზმში მსჯავრდებული მერაბ ყოლბაია მაღალი რისკის საპატიმრო დაწესებულებაში გადაიყვანეს
ტერორიზმში მსჯავრდებული მერაბ ყოლბაია მაღალი რისკის საპატიმრო დაწესებულებაში გადაიყვანეს

ტერორიზმში მსჯავრდებული მერაბ ყოლბაია, მეტსახელად „კოჭოია“, სასჯელაღსრულების სამინისტროს გადაწყვეტილებით, გლდანის ციხიდან, მაღალი რისკის საპატიმრო დაწესებულებაში, ბათუმში გადაიყვანეს.

ყოლბაიას ადვოკატმა, გელა ნიკოლაიშვილმა პირველ არხს განუმარტა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ცუდი ყოფაქცევით არ გამოირჩეოდა და მისთვის გაუგებარია, რატომ მოხვდა ყოლბაია მისი საქმის ხელახალი გამოძიების ეტაპზე, მაღალი რისკის პატიმრების კატეგორიაში.

„არ მგონია, რომ მისი ე.წ. ეტაპირება ხელახალ გამოძიებას უკავშირდებოდეს, პირიქით – გამოძიებას აწყობს, რომ ყოლბაია აქ იყოს, დაიკითხონ როდესაც დასჭირდებათ. ყოლბაია არავის არაფერს უშავებდა და რატომ მოხვდა მაღალ რისკში, გაუგებარია”, – განაცხადა გელა ნიკოლაიშვილმა.

რაც შეეხება 2010 წელს მომხდარი ე.წ. ტერაქტების სერიის გამოძიებას, გელა ნიკოლაიშვილის ინფორმაციით, გამოძიება ჯერ ბოლო ეტაპზე არ გადასულა და ამ დროისთვის მოწმეების დაკითხვა მიმდინარეობს. უკვე დაკითხეს ტერაქტების საქმეზე მსჯავრდებულები მერაბ ყოლბაია და გოგიტა არქანია. ყოლბაია პატიმრების წამების საქმეზე, გაგა მკურნალიძის და მეგის ქარდავას წინააღმდეგ მთავარი მოწმეც არის.

2010 წლის სექტემბერ-ნოემბერი საქართველოს ტერიტორიაზე იდენტური ხელწერით, რამდენიმე აფეთქება მოხდა. მათ შორის მუხიანში, ცენტრალურ ქუჩაზე, „ლეიბორისტების“ ოფისთან, ჯავახიშვილზე, ამერიკის საელჩოსთან და ტელეკომპანია „იმედის“ მიმდებარედ.

მომხდარიდან მალევე, შინაგან საქმეთა სამინისტროში აფეთქებების სერიას ტერაქტის კვალიფიკაცია მიენიჭა და დააკავეს „კოჭოიად“ ცნობილი მერაბ ყოლბაია, ასევე გოგიტა არქანია, რომელიც როგორც ცნობილია, ყოლბაიასგან განსხვავებით, კვლავ გლდანის სასჯელაღსრულების #8 დაწესებულებაში რჩება.

2011 წელს, მერაბ ყოლბაიას ჩვენების საფუძველზე ბრალი წარედგინა კიდევ 13 პირს, მათ შორის სამს დაუსწრებლად. დანარჩენი ათი ტერორისტული აქტის მოწყობისა და ორგანიზების ბრალდებით დააკავეს.

დატოვე კომენტარი