საშობაო ალილოს მსვლელობის დროს, ავტომობილები ალტერნატიულ ქუჩებზე იმოძრავებენ
საშობაო ალილოს მსვლელობის დროს, ავტომობილები ალტერნატიულ ქუჩებზე იმოძრავებენ

საშობაო ალილოს მსვლელობის გამო, ხვალ თბილისის რამდენიმე ქუჩა გადაიკეტება და მძღოლები ალტერნატიულ ქუჩებზე იმოძრავებენ, – ამის შესახებ თბილისის მერიის სატრანსპორტო სამსახურის ხელმძღვანელმა მამუკა მუმლაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ტრანსპორტის მუშაობა ალილოს მსვლელობის დასრულებისთანავე ჩვეული რეჟიმით განახლდება.

„7 იანვარს, ალილოსთან დაკავშირებით, 12:00 საათზე დაიწყება შეკრება, 14:00 საათზე კი მსვლელობა სამების საკათედრო ტაძრის მიმართულებით, რისთვისაც გამოყენებული იქნება რუსთაველის, ბარათაშვილისა და პუშკინის ქუჩები, ბარათაშვილის ქუჩის აღმართი.

მსვლელობა დაახლოებით, ორ საათს გაგრძელდება და ამ დროის განმავლობაში, მძღოლები ალტერნატიული ქუჩებით ისარგებლებენ – მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩა, ელბაქიძის დაღმართი, მარჯვენა სანაპირო, ასევე ორთაჭალიდან შემომავალი ტრანსპორტი გამოიყენებს მარჯვენა სანაპიროს.

ტრანსპორტის მსვლელობა აღდგება ღონისძიების დასრულებისთანავე და შესაბამისად გაგრძელდება იმ რეჟიმით რა რეჟიმითაც იყო“, – განაცხადა მუმლაძემ.