საშობაო ალილო თბილისში [ფოტო]
საშობაო ალილო თბილისში [ფოტო]

შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, თბილისში ტრადიციული ალილო ტარდება. მსვლელობა 14:00 საათზე პირველი რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყო და სამების ტაძართან დასრულდება, სადაც თავს მოიყრის მთელი დღის განმავლობაში შეგროვებული ნობათი, რომელიც მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლებში, მოხუცთა თავშესაფრებსა და პენიტენციურ დაწესებულებებში გაიგზავნება.

ალილოში მონაწილეობა ყველა მსურველს შეუძლია.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და პარლამენტის წევრები ტრადიციული საშობაო ალილოს მსვლელობის მონაწილეებს პარლამენტის სასახლის წინ შეეგებნენ.

ალილოს მონაწილეებს ათონელის სასახლეში უკვე უმასპინძლა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა და მათ საჩუქრები გადასცა.

„გილოცავთ შობას, ვულოცავ მთელ საქართველოს. მინდა, რომ ყველა ოჯახში იყოს პირველ რიგში სიმშვიდე. ამ წელიწადმა და შობამ მოგიტანოთ სწორედ სიმშვიდე, სიკეთე, ბედნიერება და რაც მთავარია, ჯანმრთელობა, ჯანმრთელობა ჩვენი ბავშვებისთვის, რომელიც არის ის ერთ-ერთი საკითხი, რაც ყველაზე უფრო გვაწუხებს, ასევე, მოეტანოს ქვეყნის მთლიანობა. ყველას გილოცავთ და ბედნიერად იყავით“ ,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ალილოს ტრადიცია საქართველოში V-VI საუკუნიდან იღებს სათავეს. მისი აღნიშვნა ბოლო რამდენიმე წელია, აღდგა.