სასამართლომ ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობაში ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა
თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობაში ბრალდებულ 14 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
დაცვის მხარე გირაოს შეფარდებას მოითხოვდა, ხოლო ბრალდების მხარე პატიმრობას. მოსამართლემ ბრალდების პოზიცია გაიზიარა, რომ არსებობს ფორმალური საფრთხეები, მიმალვის მოწმეებზე ზემოქმედებისა და მტკიცებულებების განადგურების საფრთხე.
„სასამართლომ სრულად გაიზიარა ის არგუმენტები, რითაც აპელირებდა ბრალდების მხარე, კერძოდ ის გარემოება, რომ არსებობდა ბრალდებულების მხრიდან მიმალვის, მტკიცებულებების განადგურების, მოწმეებზე ზემოქმედების და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე. ასევე გაითვალისწინა ის გარემოება, რომ დღეისათვის მოპოვებულია და სასამართლოში წარმოდგენილია მტკიცებულებები, რომლებიც დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით ადასტურებენ , რომ ბრალდებულებმა ჩაიდინეს დანაშაული, ქურდული სამყაროს წევრისათვის და კანონიერი ქურდისთვის მიმართვა, ასევე თავისუფლების უკანონო აღკვეთა და ქურდული სამყაროს მხარდაჭერა“, – განაცხადა პროკურორმა, ირინა ჩოჩიამ.
ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატი ნიკა სადრაძე აცხადებს, რომ საქმეში არ არის არც ერთი მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს მისი დაცვის ქვეშ მყოფის ბრალს.
„ადამიანის დასჯა იმ იდეისთვის, რომელსაც არანაირი დეფინიცია არ გააჩნია, არც სართლებრივი და არც არასამართლებრივი, არის ყოვლად დაუშვებელი. საქმეში არ არის არც არაპირდაპირი მტკიცებულება, არც პირდაპირი მტკიცებულება. რა ინფორმაციაც არის ეს არის აბსტრაქტული ინფორმაცია“, – განაცხადა ადვოკატმა.
ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობისთვის და მათთვის მიმართვისთვის თბილისში, ცაგერში, ხაშურსა და ბათუმში ერთდროულად ჩატარებული სპეციალური ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, სულ 13 ადამიანია დაკავებული. საქმეში კიდევ ერთ ბრალდებულს, რომელიც უცხოეთი იმყოფება, პატიმრობა დღეს დაუსწრებლად შეეფარდა.