შსს-მ „ქურდული სამყაროს“ წევრობის ბრალდებით ოთხი პირი დააკავა
შსს-მ „ქურდული სამყაროს“ წევრობის ბრალდებით ოთხი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციისა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტების თანამშრომლებმა, სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურასთან ერთად, ბორჯომსა და რუსთავში ერთდროულად ჩატარებული სპეციალური ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, „ქურდული სამყაროს“ წევრობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი სამი პირი: 1975 წელს დაბადებული ლ.ჯ., 1982 წელს დაბადებული დ.წ. და 1977 წელს დაბადებული ნ.შ. დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურასთან ერთად კი, „ქურდული სამყაროს“ წევრობის და დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით გამოძალვის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე რუსეთის ფედერაციის მოქალაქე კრიმინალური ავტორიტეტი და „ქურდული სამყაროს“ აქტიური წევრი – 1988 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ი.დ. თბილისში დააკავა.

სამინისტროს ცნობით, დანაშაულები შვიდიდან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი პირები – დაკავებული ლ.ჯ. და დ.წ., ბორჯომის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ერთ-ერთ ბიზნესმენს – პ.გ.-ს, სამეწარმეო საქმიანობიდან შემოსული მოგების დიდ ნაწილს სისტემატურად სძალავდნენ. ბრალდებულებმა, კრიმინალური გავლენის გამოყენებით, დაშინებითა და მუქარით, აღნიშნული ბიზნესმენის საქმიანობის სრულად მითვისება განიზრახეს, ასევე, მეწარმის შვილს კუთვნილი ავტომანქანა წაართვეს. ამის შემდეგ დაზარალებულმა მეწარმემ, თავის მხრივ, დახმარებისთვის მიმართა ე.წ. „კანონიერ ქურდებს“, რომლებმაც გამომძალველების ქმედება შეაფასეს და „ქურდული გარჩევის“ გზით ბიზნესმენის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღეს, კერძოდ, ლ.ჯ.-ს და დ.წ.-ს დაეკისრათ ავტომანქანის მესაკუთრისთვის დაბრუნება და მეწარმეზე ზეწოლის შეწყვეტა. აღნიშნული გადაწყვეტილების „ქურდული წესით“ აღსრულება კი, ბრალდებულ ნ.შ.-ს უნდა განეხორციელებინა.

სამართალდამცველებმა, გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ფარული საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის აუდიო ჩაწერა განახორციელეს, სადაც ბრალდებულების დანაშაულებრივი ქმედებებია ასახული.

პოლიციამ ლ.ჯ., და ნ.შ. ბორჯომში, ხოლო დ.წ. რუსთავში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ბრალდებულების სახით დააკავა. ნივთმტკიცებად ამოღებულია დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ავტომანქანა, მობილური ტელეფონები და კომპიუტერული ტექნიკა, რომელთა მეშვეობითაც დაკავებულები ერთმანეთს და მათთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფ სხვა პირებს უკავშირდებოდნენ.

რაც შეეხება კიდევ ერთ ბრალდებულს, იმერეთის პოლიციის მიერ დაკავებულ ი.დ.-ს, გამოძიებით დადგინდა რომ მან, როგორც კრიმინალურმა ავტორიტეტმა, „ქურდულ სამყაროში“ დადგენილი წესების შესაბამისად, მისთვის ეტაპობრივად 15 000 აშშ დოლარის გადახდა და ძვირადღირებული ავტომობილის დათმობა მოსთხოვა ქუთაისში მცხოვრებ მეწარმეს – დ.ზ.-ს, კონკრეტული ვადების დარღვევის შემთხვევაში კი ფიზიკური ანგარიშსწორებით და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. ამის გამო დ.ზ.-მ ბრალდებულს ჯამში 16 000 ლარი გადასცა.

ორივე ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 223-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით და 223-ე მე-4 პრიმა მუხლით გრძელდება, რაც გამოძალვას, „ქურდული სამყაროს“ წევრობას და „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვას გულისხმობს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.