„ქურდული სამყაროს“ წევრობისთვის დაკავებულ სამ პირს პატიმრობა შეეფარდა, დაცვის მხარე ორი დაკავებულისთვის 500-500 ათასი ლარის გირაოს ითხოვდა
„ქურდული სამყაროს“ წევრობისთვის დაკავებულ სამ პირს პატიმრობა შეეფარდა, დაცვის მხარე ორი დაკავებულისთვის 500-500 ათასი ლარის გირაოს ითხოვდა

„ქურდული სამყაროს“ წევრობის ბრალდებით დაკავებულ სამ პირს – მამუკა ლაგვილავას, ირაკლი ჩხენკელსა და მანუჩარ გაბუნიას აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ. გადაწყვეტილება მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

მანამდე დაცვის მხარე პროცესის ხვალამდე გადადებას ითხოვდა. ერთ-ერთი ბრალდებულის, ირაკლი ჩხენკელის უფლებადამცველის, ზურაბ კინტირაიას განცხადებით, დაცვის მხარეს ბრალის წარდგენის შემდეგ გადმოეცა საქმის მასალები, რომელიც რვა ტომისგან შედგება და მისი გაცნობა ვერ მოასწრეს. მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, თუმცა მასალების გასაცნობად საათნახევრიანი შესვენება
გამოაცხადა.

პროკურატურა სასამართლოსგან აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას ითხოვდა რამდენიმე არგუმენტით, მათ შორის იმით, რომ არსებობს ბრალდებულების მიმალვის საფრთხე, მოწმეებზე ზეწოლის და ასევე ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე.

თავის მხრივ, დაცვის მხარე ირაკლი ჩხენკელისთვის გირაოს, 50 000 ლარის ან უძრავი ქონებით უზრუნველყოფით შეფარდებას, დანარჩენი ორი დაკავებულისთვის კი ნახევარ-ნახევარ მილიონ ლარს ითხოვდა, რადგან მათი მტკიცებით, არ არსებობს მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენის ან მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე.

ადვოკატების განცხადებით, არ არსებობდა პატიმრობის შეფარდების საფუძველი, რადგან პროკურატურას შესაბამისი დასაბუთებული არგუმენტები არ გააჩნდა. ისინი გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებენ.

დაკავებულ ირაკლი ჩხენკელს, მამუკა ლაგვილავასა და მანუჩარ გაბუნიას ბრალი დღეს წარუდგინეს. ისინი თავს დამნაშავედ არ მიიჩნევენ და ბრალს არ აღიარებენ.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცავებმა, გუშინ სენაკსა და ფოთში ერთდროულად ჩატარებული სპეციალური ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის სამი წევრი დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებულები „ქურდული სამყაროს“ მიერ დადგენილი წესებით მოქმედებდნენ. გამოძიება ქურდული სამყაროს წევრობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223 პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც შვიდიდან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დატოვე კომენტარი