სასამართლო პროცესზე მოწმემ სერგო თეთრაძის წამების დეტალებზე ისაუბრა
პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის წამების საქმეზე სასჯელაღსრულების N8 დაწესებულების თანამშრომელი დაიკითხა. მან დეტალურად გაიხსენა 2011 წლის სექტემბერი, როდესაც სერგო თეთრაძე დააკავეს.
მისი განცხადებით, მან ნახა, როგორ გაიყვანეს თეთრაძე ციხიდან ალექსანდრე მუხაძის კუთვნილი ავტომობილით.
მოწმემ ასევე უსაუბრა თეთრაძის გარდაცვალების დღეზე. როგორც პენიტენციური დაწესებულების თანამშრომელმა განაცხადა, მას ესმოდა არაადამიანური ხმები იმ საკნიდან, სადაც ბრალდებული იმყოფებოდა.
„ამოდიოდა არაადამიანური ხმები, ხალხი არ ხართ, რას შვრებითო. დახმარებას ითხოვდნენ. დავინტერესდი და ჩავედი საკანთან. დავინახე, რომ ე.წ. წამების საკანში ეგდო პატიმარი, იმ დროს ჩემთვის უცნობი. ეს ქათმები ამოვიცანი ვინც იყვნენ. ერთი ზედმეტსახელად „გოჭო“ იყო და ზევიდან უყურებდნენ. გამოვბრუნდი ექიმთან დასარეკად, მაგრამ მითხრეს, რომ ექიმი უკვე მოდიოდა. როგორც მერე გავიგე, ეს პატიმარი თეთრაძე იყო და გულით გარდაცვლილა. ვერ გაუძლო წამებას. როგორც თქვეს, მერე ამ ქათმებს მასზე ფიზიკურად უძალადიათ“, – განაცხადა სასჯელაღსრულების N8 დაწესებულების თანამშრომელმა.
სერგო თეთრაძის წამების საქმეზე ბაჩანა ახალაიასა და ნიკოლოზ ძიმცეიშვილის ბრალი წამების ორგანიზებით აქვთ წარდგენილი.